კვარაცხელიას გოლი და საგოლე გადაცემა - ხვიჩამ „სპეციასთანაც“ გაიბრწყინა [ვიდეო] #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატის 21-ე ტურში „სპეციას“ ესტუმრა და ქართველის შესანიშნავი თამაშით 3:0 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ნეაპოლელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და აქტიურობით გამოირჩეოდა. მისი გაჩერება უჭირდათ და მე-16 წუთზე ხვიჩასთან უხეშობისთვისსპეციას“ მცველმა ეტან ამპადუმ ყვითელი ბარათი მიიღო. 37-ე წუთზე ქართველმა თავადმსხმელმა სახიფათოდ დაარტყა და კარს სანტიმეტრებში ააცილა.

ხვიჩამ გოლი 47-ე წუთზე გაიტანა – მცველმა ხელით ითამაშა და მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტი  უნაკლოდ გამოიყენა და „ნაპოლი“ დააწინაურა.

მე-60 წუთზე ხვიჩამ კიდევ ერთხელ სცადა გატანა, მაგრამ მეკარემ ბურთი აუღო.

69-ე წუთზე „ნაპოლიმ“ უპირატესობა გაზარდა. კვარაცხელიას ჩაწოდებული ბურთი მცველმა ჩაჭრა, მაგრამ მისმა თანაგუნდელმა ცუდად მოიგერია – დაცვაში მეტოქეთა შეუთანხმებლობით ვიქტორ ოსიმენმა ისარგებლა და მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო 0:2.

73-ე წუთზე კი ხვიჩა მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ბურთი ოსიმენს დაუგორა და დუბლის შესრულებაში დაეხმარა, ამის შემდეგ კი ქართველი ფორვარდი შეცვალეს.

საბოლოოდ, „ნაპოლიმ“ 3:0 მოიგო და 21 ტურის შემდეგ 56 ქულით სერია A-ს ლიდერია. ხვიჩა კვარაცხელიას კი იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 17 მატჩში ანგარიშზე 8 გოლი და 9 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.