კვარაცხელიას გამო კლუბები რჩევებისთვის მიკავშირდებიან - სანიოლმა საქართველოს მიმართ გაზრდილ ინტერესზე ისაუბრა #1TVSPORT
კვარაცხელიას გამო კლუბები რჩევებისთვის მიკავშირდებიან - სანიოლმა საქართველოს მიმართ გაზრდილ ინტერესზე ისაუბრა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ფრანგულ გამოცემა sofoot-თან ისაუბრა ქართველი ფეხბურთელების მიმართ გაზრდილ ინტერესზე, რაც ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ თამაშმა გამოიწვია.

შეიცვალა თუ არა ბოლო პერიოდში ქართველი ფეხბურთელების მიმართ დამოკიდებულება, მათ შორის, „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას ფენომენალური თამაშის გამო? – ჟურნალისტმა საფრანგეთის ნაკრებისა და „ბაიერნის“ ყოფილ მცველს ეს კითხვა დაუსვა.

„ეს ფაქტორი გვეხმარება. რასაც კვარაცხელია იტალიაში აკეთებს, არაორდინარულია და ამის წყალობით უფრო მეტად დაინტერესდნენ ქართველი ფეხბურთელებით, განსაკუთრებით, საფრანგეთში. მახსოვს, როცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კვარაცხელია ყაზანის „რუბინიდან“ წავიდა და თავისუფალი აგენტი გახდა, მასზე ვესაუბრე ფრანგულ კლუბებს, მაგრამ მათ მისი აყვანა არ სურდათ.

დღეს კი დამოკიდებულება შეიცვალა და რამდენიმე ფრანგული კლუბი დამიკავშირდა ქართველ ფეხბურთელებზე ინფორმაციის მისაღებად. ისიც ვიცი, რომ ზოგიერთ ფეხბურთელს ჯერჯერობით არ აქვს ისეთი დონე, რომ ევროპის წამყვან ჩემპიონატებში ითამაშოს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში მოსახლეობა მხოლოდ 3,7 მილიონია და მოთამაშეთა რაოდენობა შეზღუდულია.

ერთა ლიგაზე ჩვენ ვითამაშეთ შემტევი ფეხბურთი, მოვიგეთ ხუთი თამაში, მათ შორის ორი ჩრდილოეთ მაკედონიასთან (3:0, 2:0), რომელმაც იტალია მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დატოვა, ხოლო თავად ითამაშა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. გუნდი იგებს თამაშებს, ამიტომ თავდაჯერებული გახდა და მოტივაცია მოემატა. წარმატება ჯერ მყიფეა, მაგრამ ჩვენ წინ მივიწევთ.

საქართველოში აინტერესებთ ნაკრების თამაშები. გიბრალტართან (4:0) შეხვედრას 45 000 მაყურებელი დაესწრო, ხოლო ბულგარეთთან (0:0) და ჩრდილოეთ მაკედონიასთან (3:0) – 55 000. აქ ფეხბურთი უყვართ და ვგრძნობთ, რომ, ბოლო რამდენიმე თვის შედეგებიდან გამომდინარე, მოლოდინი და წნეხი კიდევ უფრო დიდია. ამით კმაყოფილი ვარ, რადგან სხვაგვარად შედეგი არ მიიღწევა“, – აცხადებს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი.