კვარაცხელიას გადაცემით გატანილი - სერია A-ს იანვრის საუკეთესოდ ოსიმენის გოლი აღიარეს [ვიდეო] #1TVSPORT

ვიქტორ ოსიმენის მიერ „რომას“ კარში შესანიშნავი შესრულების შემდეგ გატანილი ბურთი სერია A-ს ოფიციალურმა გვერდმა იანვრის საუკეთესო გოლად აღიარა.

გოლში ხვიჩა კვარაცხელია მონაწილეობდა – ქართველმა თავდამსხმელმა მარიო რუის ბრწყინვალე პასი მიიღო, რის შემდეგაც მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შევარდა და ბურთი ოსიმენს გადაუგდო, ნიგერიელმა კი ბურთი მკერდზე მიიმაგრა და რომაელთა მეკარე რუი პატრისიოს შანსი არ დაუტოვა.

„სტადიო დიეგო მარადონაზე“ „რომასთან“ დაპირისპირებაში ნიგერიელმა თავდამსხმელმა სეზონში მე-14 გოლი გაიტანა. ნეაპოლელთა ყოფილმა თავდამსხმელმა, ანტონიო კარეკამ ეს გოლი 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში შვედებთან პელეს გატანილს შეადარა.

„ოსიმენმა პელეს მსგავსად დახატა და ლამაზი გოლი გაიტანა. ამ შესანიშნავი მატჩის ავტორები მასთან ერთად ლობოტკა, კვარა და მთელი გუნდია. მათ წარმოუდგენლად კარგად ითამაშეს“, – ამბობს კარეკა.