კვარაცხელიას ფოტო მარადონას შვილმა გამოაქვეყნა - ქართველის გოლს უეფა-ს ვებგვერდი გამოეხმაურა #1TVSPORT
კვარაცხელიას ფოტო მარადონას შვილმა გამოაქვეყნა - ქართველის გოლს უეფა-ს ვებგვერდი გამოეხმაურა #1TVSPORT

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა კითხვა დასვა – „რა ჰქვია ამ დღესასწაულს?“ და ხვიჩა კვარაცხელიას მიერ სერია „ა“-ში გატანილი სადებიუტო გოლის დროს გამოსახულ ჟესტს გამოეხმაურა.

ხვიჩა კვარაცხელიამ სადებიუტო გოლი მისი საყვარელი კალათბურთელის, სტეფ კარის სტილში აღნიშნა – ეს ჟესტი დაახლოებით ნიშნავს – მშვიდად იძინეთ, თქვენ საიმედო ხელში ხართ, მაგრამ ქართველმა თავდამსხმელმა გულშემატკივარი არათუ დააძინა, პირიქით, გამოღვიძა – „ნაპოლის“ ტიფოზებში იმედი გაჩნდა, რომ ლიდერების წასვლის შემდეგ გუნდი ისევ ამბიციური იქნება. ქართველი გულშემატკივრები კი გახარებულები არიან, რომ ევროპულ ტოპ-ლიგაში ქართველი ისევ გაიბრწყინებს. იტალიაში საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს, გიორგი ნემსაძესაც უთამაშია. მისი თქმით, ასეთი დასაწყისი კვარაცხელიას პოტენციალზე მეტყველებს.

პირველად ეს ჟესტი „გოლდენ სტეიტის“ სუპერვარსკვლავმა სტეფ კარიმ „დალასთან“ პლეიოფის მატჩში მეტოქის ფანების მხარეს გააკეთა – ეს ჟესტი ნიშნავდა „დაიძინეთ, მშვიდად იძინეთ“.

ანალოგიური გააკეთეს – ნეიმარმა „პარი სენ ჟერმენში“ „მონპელიესთან“ მეორე გატანილი გოლის შემდეგ, უსმან დემბელემ („ბარსელონაში“ – ერთი თვის წინ ამერიკული ტურენეს დროს „იუვენტუსთან“ პირველი გოლი აღნიშნა), ხოლო გუნდურად – მიუნხენის „ბაიერნის“ მოთამაშეებმა.

მატჩის შემდეგ კი კვარაცხელიასადმი პატივისცემის ნიშნად ინსტაგრამზე მისი სურათი დიეგო მარადონას შვილმა დადო. კარგია, თუ „ნაპოლის“ და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის შვილი კვარაცხელიას გადასვლის შემდეგ მშვიდადაა.

დატოვე კომენტარი