კვარაცხელიას ევროპაში წასვლა რუსმა ვეტერანმაც ურჩია - ალენიჩევმა ქართველი ძიუბასაც ამჯობინა #1TVSPORT
კვარაცხელიას ევროპაში წასვლა რუსმა ვეტერანმაც ურჩია - ალენიჩევმა ქართველი ძიუბასაც ამჯობინა #1TVSPORT

ვეტერანმა რუსმა ფეხბურთელმა, დიმიტრი ალენიჩევმა რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშეებში რუსების კუმირი, ეროვნული ნაკრებისა და „ზენიტის“ თავდამსხმელი არტიომ ძიუბა არ დაასახელა, სამაგიეროდ, ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია, – ამის შესახებ „რომას“, „პორტოსა“ და რუსეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა SportHub-ის იუთუბარხზე ილაპარაკა. 

„პირველ ადგილზე – ნიკოლა ვლასიჩს დავაყენებდი, მეორეზე – ხვიჩა კვარაცხელიას, ხოლო მესამეზე – მარიო ფერნანდესს“, – განაცხადა ალენიჩევმა.

23 წლის ნიკოლა ვლასიჩი მოსკოვის ცსკა-ს და ხორვატიის ნაკრების (20 მატჩი, 5 გოლი) შემტევი ნახევარმცველია. მარიო ფერნანდესმა 2014 წლის 14 ოქტომბერს, ბრაზილიის ნაკრებში სადებიუტო შეხვედრა იაპონიასთან ამხანაგურ მატჩში (4:0) ჩაატარა, შემდეგ გამოძახებაზე კი ღამის კლუბში გაერთო და დაიგვიანა რეისზე, რომლითაც ბრაზილიის ნაკრები არგენტინასთან მატჩზე მიემგზავრებოდა. მას შემდეგ ეროვნული ნაკრების მატჩებზე აღარ მიუწვევიათ. 2012 წელს მოსკოვის ცსკა-ში გადავიდა, 2016 წელს რუსეთის მოქალაქეობა მიიღო და ამ ქვეყნის სახელით 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა. სულ 28 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

ალენიჩევმა რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელების გარდა, ტურნირის ოთხი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელიც დაასახელა და ქართველი თავდამსხმელი ამ ოთხეულშიც ახსენა. მასთან ერთად გამოარჩია „ჩერტანოვოს“ 16 წლის ფორვარდი სერგეი პნიაევი (რომელიც „მანჩესტერში“ რამდენიმეჯერ სტაჟირებაზე იყო), მოსკოვის „დინამოს“ 18 წლის თავდამსხმელი კონსტანტინ ტიუკავინი და ამავე გუნდის 17 წლის ნახევარმცველი არსენ ზახარიანი. ამას გარდა, კვარაცხელიას პერსპექტივებიც შეაფასა.

პინიაევს და ზახარიანს ყველაფერი აქვთ, რომ გახდნენ ახალი ვარსკვლავები. კვარაცხელიაზეც იგივეს ვიტყოდი. ის „რუბინში“ ძალიან კარგად თამაშობს. ცუდი არც მოსკოვის „დინამოს“ მოთამაშე ტიუკავინია. ეს ოთხი ფეხბურთელი ახლა რუსეთში ყველაზე პერსპექტიულებად მიმაჩნია. ვუსურვებ მათ, მიაღწიონ მაქსიმუმს რუსეთში და შემდეგ გაჰყვნენ ჩემს კვალს და გაემგზავრნენ უფრო ძლიერ ჩემპიონატებში – იტალიაში, ესპანეთში, ინგლისში“, – აცხადებს დიმიტრი ალენიჩევი.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატში 2020/21 წლების სეზონში „რუბინის“ ლიდერად ჩამოყალიბდა, თავი სანაკრებო მატჩებშიც გამოიჩინა და ევროპულმა გრანდების მხედველობის არეში მოექცა.