კვარაცხელიას დებიუტი და პირველი შოუ ჩემპიონთა ლიგაზე - „ნაპოლიმ“ კლოპის „ლივერპული“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
კვარაცხელიას დებიუტი და პირველი შოუ ჩემპიონთა ლიგაზე - „ნაპოლიმ“ კლოპის „ლივერპული“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო შეხვედრაში პირველი საგოლე გადაცემა გააკეთა და პირველი შოუ დადგა, „ნაპოლიმ“ კი იურგენ კლოპის „ლივერპულთან“ მატჩი დამაჯერებლად მოიგო.

ჩემპიონთა ლიგის„ა“ ჯგუფის მატჩში, რომელიც„სტადიო მარადონაზე“ გაიმართა, ლუჩანო სპალეტის გუნდმა აქტიურად დაიწყო და პირველი წუთზე რეალური საგოლე მომენტი შექმნა. ვიკტორ ოსიმენმა მცველსაც დაასწრო და მეკარესაც, მაგრამ კარში მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი ძელს მოარტყა.

მე-5 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ საჯარიმოში შეტევა კარგ პოზიციაზე მყოფ პიოტრ ზელინსკის გაუგრძელა, რომლის დარტყმაც კუთხურზე მოიგერიეს, მაგრამ შეტევა გაგრძელდა და კვარაცხელიას გადაცემის შემდეგ კარში ისევ ზელინსკიმ გაისროლა, ჯეიმს მილნერს ბურთი ხელზე მოხვდა და მე-5 წუთზე „ლივერპულის“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ზელინსკიმ გოლად აქცია და„ნაპოლი“ 1:0 დააწინაურა.

მე-17 წუთზე „ნაპოლის“ უპირატესობის გაზრდის რეალური შანსი ჰქონდა. ინგლისელების კარში მეორე პენალტი დაინიშნა – ოსიმენს საჯარიმოში ფეხი დაადგა ვირჯილ ვანდაიკმა და არბიტრმა მეორე პენალტი დანიშნა, მაგრამ ოსიმენის დარტყმა ალისონ ბეკერმა მოიგერია, დამატებაზე კი ჯოვანი დი ლორენცომ კარს ააცილა.

27-ე წუთზე კვარაცხელიას თავის გამოჩენა შეეძლო, რაც ოსიმენის კარგი თამაშის შედეგი იყო – ნიგერიელმა თავდამსხმელმა მცველს ბურთი „მოპარა“ და კარის წინ მარტო მყოფი ხვიჩა შენიშნა, მაგრამ ქართველის დარტყმული ბურთი ხაზიდან ვანდაიკმა გამოიტანა და „ლივერპული“ აშკარა გოლს გადაარჩინა.

ქართველი თავდამსხმელის მცდელობამ შედეგი მაინც გამოიღო. 31-ე წუთზე ხვიჩამ ჯო გომესს ფლანგზე ბურთი აართვა და მოატყუა, მაგრამ წინ წასვლის ნაცვლად ბურთი ზამბო ანგისას გადააწოდა, რომელიც ზელინსკისთან გათამაშებული „სამკუთხედის“ შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა – 2:0.

კვარაცხელიამ 44-ე წუთზე გაიბრწყინა და მესამე გოლი პირადად შექმნა – ხვიჩამ ინგლისის ნაკრების მცველი ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდი ფლანგზე სკოლის მოსწავლესავით „გააბითურა“, შემდეგ გომესს კიდევ ერთხელ გააასწრო და კარის წინ გახსნილ ჯოვანი სიმეონეს ბურთი ფეხზე დაასვა, რომელმაც „ნაპოლიში“ პირველი გოლით იტალიელთა უპირატესობა შთამბეჭდავი გახადა 3:0.

პირველმა ტაიმმა საბოლოოდ ის გამოიწვია, რომ კლოპმა შესვენებაზე კვარაცხელიასგან ბავშივით მოტყუებული გომესი შეცვალა, მაგრამ „ნაპოლიმ“ მეორე ტაიმიც შესანიშნავად დაიწყო. 47-ე წუთზე დუბლი შეასრულა ზელინსკიმ, რასაც ორ წუთში გოლი „ლივერპულის“ კოლუმბიელმა ლეგიონერმა ლუიზ დიაზმა მოაყოლა და სამბურთიანი სხვაობა აღადგინა 4:1.

ხვიჩამ 57-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო და კარში დარტყმა სცადა, მაგრამ მცველი გადაეფარა და მომენტი განმუხტა, ლუჩანო სპალეტიმ კი ხვიჩა დაასვენა და მოედანზე ქართველი თავდამსხმელის ნაცვლად ალესიო ზერბინი შეიყვანა.

საბოლოოდ, ჩემპიონთა ლიგის ფინალისტ „ლივერპულთან“ „ნაპოლიმ“ შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო 4:1 და მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ლუჩანო სპალეტის გუნდი ჯგუფში ამსტერდამის „აიაქსთან“ ერთად გალიდერდა, რომელმაც მეორე შეხვედრაში შინ გლაზგოს „რეინჯერსი“ 4:0 დაამარცხა.