კვარაცხელიას და დავითაშვილის გარეშე „ნაპოლიმ“ და „სენტ-ეტიენმა“ წელი გამარჯვებებით დაიწყეს #1TVSPORT
კვარაცხელიას და დავითაშვილის გარეშე „ნაპოლიმ“ და „სენტ-ეტიენმა“ წელი გამარჯვებებით დაიწყეს #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილის გარეშე ჩაიარა იტალიისა და საფრანგეთის ჩემპიონატების ახალი წლის პირველმა შეხვედრებმა.

იტალიის სერია A-ს მე-19 ტურში „ფიორენტინასთან“ გასვლითი დაპირისპირება ხვიჩა კვარაცხელიამ მუხლის ტრავმის გამო გამოტოვა. „ნაპოლი“ დამაჯერებლად გამოიყურებოდა. ანტონიო კონტეს გუნდმა დავიდ ნერეშის (29), რომელუ ლუკაკუსა (54 – პენალტი) და სკოტ მაკტომინეის (68) გოლებით 3:0 მოიგო. „ნაპოლიმ“ 44 ქულით „ატალანტას“ (41) გადაასწრო, რომელსაც ტურის მატჩი ჯერ კიდევ გასამართი აქვს.

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-16 ტურში ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ „რეიმსს“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. ქართველი შემტევი ნახევარმცველი გაციებული იყო და თამაშისთვის მომზადება ვერ მოახერხა.

მართალია, 42-ე წუთზე ნაკამურამ სტუმრები დააწინაურა, მაგრამ შესვენების შემდეგ „სენტ-ეტიენმა“ შესანიშნავად ითამაშა. ბოაკიეს დუბლით (50, 57) და სტასინის შესანიშნავი გოლით (80) მატჩი 3:1 დასრულდა.

გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელისთვის, ერიკ ჰორნელანდისთვის სადებიუტო მატჩი წარმატებული გამოდგა. 16 ტურის შემდეგ „სენტ-ეტიენი“ 16 ქულით მე-14 ადგილზეა.