კვარაცხელიამ „ურალთან“ ტაიმი ითამაშა - დაძაბული მატჩი სამი გაძევებით დასრულდა
კვარაცხელიამ „ურალთან“ ტაიმი ითამაშა - დაძაბული მატჩი სამი გაძევებით დასრულდა

ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის „რუბინში“ მორიგი მატჩი ჩაატარა. რუსეთის პრემიერლიგის გუნდი თურქეთში მეორე შეკრებას აწყობს, სადაც სეზონის განახლებისთვის ემზადება.

ყაზანურმა გუნდმა პირველი საკონტროლო შეხვედრა რუსეთის პრემიერლიგელ ეკატერინბურგისურალთან“ გამართა და არაერთი საგოლე შესაძლებლობის მიუხედავად, ნულოვან ფრეს დასჯერდა – 0:0. შეკრებაზე ჩატარებულ შვიდ შეხვედრაში ეს ყაზანელებისთვის პირველი მატჩი იყო, რომელშიც გოლის გატანა ვერ მოახერხეს და ბურთი არ გაუშვეს.

„რუბინის“ ქართველი ლეგიონერი ძირითად შემადგენლობაში იყო. ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანი პირველი ტაიმის შემდეგ დატოვა. შესაძლოა, მიზეზი, რის გამოც მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ ხვიჩა შესვენებაზე შეცვალა, მატჩის დაძაბული ხასიათი იყო.

მატჩის ამხანაგური სტატუსის მიუხედავად, მთავარმა არბიტრმა მოედნიდან სამი მოთამაშე გააძევა – ეკატერინბურგის გუნდიდან ორი ფეხბურთელი, მცველი დენის კულაკოვი და ნახევარმცველი რამაზან გაჯიმურადოვი, ხოლო „რუბინიდან“ წითელი ბარათი ნახევარმცველ დენის მაკაროვს აჩვენა. თუმცა, გუნდებს მატჩი კაცნაკლულად არ დაუსრულებიათ, რადგან ამხანაგურ მატჩებში გაძევებული მოთამაშეების ნაცვლად მოედანზე სხვები შეუშვეს. ეს შესაძლებლობა გუნდების წარმომადგენლებმა წინასწარ შეათანხმეს.