კვარაცხელიამ ულამაზესი გოლი გაიტანა #1TVSPORT
კვარაცხელიამ ულამაზესი გოლი გაიტანა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის „რუბინში“ მორიგი შეხვედრა ჩაატარა, მიმდინარე სეზონში მესამე გოლი გაიტანა, მაგრამ მისი გუნდის წარმატებისთვის საკმარისი არ გამოდგა.

მე-5 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ დაარტყა, მაგრამ ბურთმა კარს რამდენიმე მეტრში ჩაუფრინა. მე-13 წუთზე, მისი დარტყმის შემდეგ სტუმართა მცველს ბურთი ხელზე მოხვდა და ყაზანელები პენალტს ითხოვნენ, მაგრამ მსაჯმა თამაში გააგრძელა. „როსტოვის“ მოთამაშე დიმიტრი პოლოზმა კი ანგარიში გახსნა – 0:1.

მე-19 წუთზე „რუბინის“ თავდამსხმელი ვიტალი ლისაკოვიჩი გააძევეს და ყაზანელები კაცნაკლულები დარჩნენ. 75-ე წუთზე კი სილვიო ბეგიჩმა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და „როსტოვი“ 0:2 დაწინაურდა.

„რუბინს“ თამაშის გადარჩენის იმედი ხვიჩა კვარაცხელიამ ულამაზესი გოლით გუნდს შეუნარჩუნა. 21 წლის ქართველმა თავდამსხმელმა 77-ე წუთზე აუტის ხაზიდან ბურთი პირდაპირ კარისკენ გაუშვა და ზუსტი დარტყმით სხვაობა შეამცირა – 1:2.

მიუხედავად იმისა, რომ რიცხობრივ სიმცირეში იყვნენ, ყაზანელებმა მთელი ძალებით შეუტიეს – ხვიჩა განსაკუთრებით აქტიური იყო და 90+2-ე წუთზე სახიფათო დრიბლინგი დარტყმით დააგვირგვინა, მაგრამ მეკარემ აუღო. მატჩის ბოლოს ხვიჩამ ყვითელი ბარათი მიიღო, „რუბინმა“ კი ქულის გადარჩენა ვეღარ მოახერხა – 1:2.

იმედია, ეს ხვიჩა კვარაცხელიასთვის „რუბინში“ ერთ-ერთი ბოლო მატჩი იყო – არსებული ინფორმაციით, დაინტერესებულ კლუბებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს და ქართველი თავდამსხმელის ევროპაში გადასვლის პერსპექტივა გამოჩნდა.