კვარაცხელიამ შეცვლაზე ითამაშა და „ჟირონასაც“ გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT
კვარაცხელიამ შეცვლაზე ითამაშა და „ჟირონასაც“ გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT

საბედნიეროდ, არ გამართლდა ცუდი მოლოდინი – ხვიჩა კვარაცხელიამ დღეს „ნაპოლის“ ფორმა „ჟირონას“ ამხანაგურ მატჩში მოირგო და გოლიც გაიტანა.

ხვიჩა მასპინძელთა გუნდის სასტარტოში არ იყო ესპანელებთან შეხვედრაში, რადგან „მალიორკასთან“ ბოლო სპარინგში ბარძაყის მცირე ტრავმა მიიღო. ნეაპოლელთა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ კვარაცხელია მოედანზე 24-ე წუთზე მატეო პოლიტანოს ნაცვლად შეუშვა. 27-ე წუთზე „ნაპოლი“ ავტოგოლით დაწინაურდა და იტალიელებმა ტაიმი 1:0 მოიგეს.

51-ე წუთზე ხვიჩამ საჯარიმოსთან მცველს ბურთი თავზე ეფექტურად გადაუგდო და კარში დაარტყა, მაგრამ არაზუსტად და კარგი შანსით ვერ ისარგებლა. 56-ე წუთზე კი ვალენტიმ კასტელამომ ანგარიში გაათანაბრა – 1:1.

თუმცა, შეხვედრის ბოლო ნაწილი „ნაპოლიმ“ უკეთ ჩაატარა და თამაში მოიგო. 77-ე წუთზე იტალიელები ანდრეა პეტანიამ დააწინაურა, მე-80 წუთზე კი ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი მოიპოვა და უნაკლოდ შეასრულა. 90-ე წუთზე კი მცველმა სახეში ხელი ჩაარტყა და სპალეტიმ შეცვალა.

საბოლოოდ, „ნაპოლიმ“ 3:1 მოიგო. ეს ხვიჩა კვარაცხელიასთვის იტალიურ გუნდში ზაფხულში ჩატარებული მეხუთე ტესტ-მატჩი იყო – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის ანგარიშზე 4 გოლით და 2 საგოლე პასი ჩაიწერა.