კვარაცხელიამ რუსეთში ყველაზე მეტი პენალტი მოიპოვა (ვიდეო)

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერლიგის ფეხბურთელებიდან გუნდს პენალტის დარტყმის უფლება ყველაზე მეტჯერ მოუპოვა.

19 წლის თავდამსხმელმა ბოლოს ეს 27 სექტემბერს, მე-9 ტურის მატჩში ვოლგოგრადში „როტორთან“ მოახერხა, რომელიც ყაზანელებმა 3:1 მოიგეს. ხვიჩამ ბურთი წინ გაიგდო და „როტორის“ ქართველმა თავდამსხმელმა, ბექა მიქელთაძემ ბურთი ხელით შეაჩერა.

სტატისტიკოსებმა დაიანგარიშეს, რომ მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ უკვე მესამე 11-მეტრიანი დარტყმა მოიპოვა. მანამდე მან ეს მოახერხა მოსკოვის „დინამოსთან“ და „სოჭთან“ თამაშებში. საერთო ჯამში, ნახევარმცველმა რუსეთის ჩემპიონატში 5 პენალტი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ მოსკოვის „სპარტაკთანაც“, წესით, არბიტრს მისი წაქცევისთვის პენალტი უნდა დაენიშნა, მაგრამ სიმულაცია დააბრალა და სრულაიდ უსამართლოდ ყვითელი ბარათი აჩვენა.

მოპოვებული 3 პენალტი რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში საუკეთესო მაჩვენებელია – შემდეგ მოდის „სოჭის“ მცველი კირილ ზაიკა (2 პენალტი მოიპოვა).

რუსეთის პრემიერლიგის მე-9 ტურში ვოლგოგრადის „როტორი“ ყაზანის „რუბინთან“ საკუთარ არენაზე 1:3 დამარცხდა, კვარაცხელიამ კი მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა – 59-ე წუთზე გოლი გაიტანა, ხოლო 75-ე წუთზე მისი წაქცევისთვის მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ოლეგ შატოვმა გაიტანა. ამას გარდა, 48-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან ვოლგოგრადელთა მცველი არმენ მანუჩარიანი გააძევეს, რომელმაც 23-ე წუთზე პირველი ბარათი სწორედ ქართველთან უხეშობისთვის მიიღო. მატჩის შემდეგ 19 წლის კვარაცხელია შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

დატოვე კომენტარი