კვარაცხელიამ რუსები საქციელითაც აღაფრთოვანა - 19 წლის ქართველის ჯენტლმენური ჟესტი (ვიდეო)

„კვარაცხელია მოწინააღმდეგის საჯარიმოში წაიქცა, მაგრამ პენალტზე უარი თავად თქვა. ხვიჩა ჯენტლმენია“, – ასე შეფასა საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას საქციელი „ბიზნეს-ონლაინმა“.

საქმე ისაა, რომ რუსეთის ჩემპიონატის მე-13 ტურის საშინაო მატჩში „რუბინმა“ „არსენალს“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელია „რუბინის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 85-ე წუთზე შეცვალეს, ხვიჩამ 22-ე წუთზე მეტოქეს ბურთი აართვა და ამის შემდეგ დაიწყო ყაზანელთა მეორე საგოლე შეტევა, 53-ე წუთზე კი ბრწყინვალე დიაგონალური გადაცემით საგოლე გადაცემა შეასრულა და სოლტმურად ბაკაევმა მეტოქის კარი მესამედ აიღო. „არსენალში“ იყო და შეუცვლელად ითამაშა საქართველოს ნაკრების მცველმა გია გრიგალავამ.

ახლა არც შეეხება მომენტს, რომლის გამოც ხვიჩა რუსულ მედიაში არანაკლებ შეაქეს, ვიდრე კარგი თამაშისთვის. პირველ ტაიმში იყო ეპიზოდი, რომელიც გოლებზე უფრო აღსანიშნავია: ყაზანის კლუბის ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია ჯენტლმენის შესაფერისად შეხვედრის 35-ე წუთზე მოიქცა, როდესაც ორ მოთამაშეს წაართვა ბურთი და საჯარიმოში მცველის ვარდნის შემდეგ გაზონზე დაეცა.

„როგორც ჩანდა, ქართველის დაცემის მიზეზი იყო მცველის ვარდნა. მაგრამ მსაჯმა არ დანიშნა პენალტი, რადგან ხვიჩა მაშინვე წამოდგა და არბიტრს აჩვენა, რომ წესების დარღვევა არ ყოფილა. მან ეს რამდენჯერმე ანიშნა. ყაზანის „რუბინი“ იმ დროისთვის ორგოლიან კომფორტულ უპირატესობას ფლობდა – შესაძლოა, სხვა ანგარიშზე ქართველს ეს არ გაეკეთებინა, მაგრამ თუნდაც ანგარიშის გათვალისწინებით, 19 წლის ფეხბურთელის მოქმედება პატივისცემას იმსახურებს“, – წერს „ბიზნეს-ონლაინი“.