კვარაცხელიამ „ნაპოლის“ ისევ მოაგებინა - ქართველის გუნდმა იტალიაში ლიდერობა შეინარჩუნა [ვიდეო] #1TVSPORT
კვარაცხელიამ „ნაპოლის“ ისევ მოაგებინა - ქართველის გუნდმა იტალიაში ლიდერობა შეინარჩუნა [ვიდეო] #1TVSPORT

იტალიის ჩემპიონატის მე-10 ტურში ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა „ბოლონიას“ წინააღმდეგ, რომელიც „სტადიო მარადონაზე“ გაიმართა და ნეაპოლელების გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

ხვიჩა ერთ-ერთი გამორჩეული იყო. 22-ე წუთზე კარში დაარტყა და მეკარეს ვერ აჯობა, ხოლო სამ წუთში კარგ პოზიციაზე გაიყვანა მარიო რუი, რომელმაც ძელს მოარტყა. 27-ე წუთზე ხვიჩამ პატარა შოუ დადგა, მცველს ეფექტურად გასცდა და კარის წინ მატეო პოლიტანო მოძებნა, რომელმაც გოლის გატანის რეალური შანსი გაანიავა. თუმცა, ანგარიში „ბოლონიამ“ გახსნა. 41-ე წუთზე სტუმრებმა ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს და დასარტყმელ პოზიციაზე ნიდერლანდელი თავდამსხმელი ჯოშუა ზირკზე დარჩა, რომლის დარტყმაც ზუსტი გამოდგა – 0:1. „ნაპოლიმ“ ტაიმის ბოლო წუთზე ანგარიში ჟუან ჟესუსის გოლით გაათანაბრა.

ხვიჩა კვარაცხელიამ მეორე ტაიმში გაიბრწყინა და ორი საგოლე შეტევა განავითარა. ხვიჩა 49-ე წუთზე მცველებში გაძვრა და კარში დაარტყა, მეკარის მოგერიებული ბურთი ვიქტორ ოსიმენმა ირვინგ ლოზანოს გადააწოდა და მან „ნაპოლი“ დააწინაურა – 2:1. 52-ე წუთზე „ბოლონიამ“ წონასწორობა მეორედ აღადგინა. მუსა ბაროუს შორეული დარტყმული ბურთი მასპინძელთა მეკარე ალექს მერეტიმ ვერ შეაჩერა – 2:2.

„ბოლონიას“ დაცვის გარღვევაში გადამწყვეტი როლი ისევ ხვიჩა კვარაცხელიამ ითამაშა. 69-ე წუთზე კონტრშეტევაზე შესანიშნავად ითამაშა და მეკარესთან პირისპირ დატოვა ვიქტორ ოსიმენი, ნიგერიელმა თავდამსხმელმა ძლიერი დარტყმით „ნაპოლი“ ისევ დააწინაურა – 3:2.

79-ე წუთზე კვარაცხელიამ კიდევ ერთი შესანიშნავი მოქმედებით გამოიჩინა თავი და მცველებს შუა გაჭრა გადაცემა, საჯარიმოში პიოტრ ჟელინსკი შევარდა და ბურთი ძელს მოარტყა. 87-ე წუთზე ქართველის კარგი გადაცემით უკვე მატიას ოლივეირას შეეძლო ესარგებლა, მაგრამ მცველები გადაეფარნენ და შანსი ვერ გამოიყენა.

„ნაპოლიმ“ დაძაბული მატჩი 3:2 მოიგო, 11 ტურის შემდეგ 26 ქულით პირველ ადგილზეა და „ატალანტას“ (24) ისევ გადაასწრო. ხვიჩა კვარაცხელიამ კი 10 მატჩში 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა და იტალიის ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა.