კვარაცხელიამ „მილანთან“ მოპოვებული პენალტით „ნაპოლის“ მოაგებინა - სპალეტის გუნდი გალიდერდა [ვიდეო] #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიამ „სან სიროს“ სტადიონზე „მილანის“ წინააღმდეგ ითამაშა იტალიის ჩემპიონატის მე-7 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, რომელიც „ნაპოლიმ“ 2:1 მოიგო – ქართველმა თავდამსხმელმა მოპოვებული პენალტით დიდი როლი ითამაშა.

კვარაცხელიას წინააღმდეგ მილანელები ხისტად თამაშობდნენ. სიმონ კიაერმა პირველივე წუთზე ცხვირში ხელი მოარტყა, ხოლო მე-18 წუთზე დანიელმა მცველმა ხვიჩა უხეშად მოცელა და ყვითელი ბარათიც დაიმსახურა.

42-ე წუთზე კვარაცხელია საჯარიმოში გაიხსნა და ფლანგური გადაცემის ქუსლით დაგვირგვინებას აპირებდა, მაგრამ მიზანს ააცილა. 45-ე წუთზე „მილანის“ კაპიტანმა დავიდე კალაბრიამ ქართველის წინააღმდეგ თამაშის წესები დაარღვია და მასპინძელთა მეორე მოთამაშე გახდა, რომელმაც ხვიჩას წინააღმდეგ უხეშობისთვის ყვითელი ბარათი მიიღო.

მეორე ტაიმში „მილანის“ მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ ორივე გაყვითლებული ფეხბურთელი შეცვალა. მაგრამ საქმეს ამანაც ვერ უშველა. 51-ე წუთზე კვარაცხელიამ მოედანზე შემოსულ ერთ-ერთ მათგანს, სერჟინიო დესტის ფინტებით თავბრუ დაახვია და „მილანის“ ამერიკელმა მცველმა ხვიჩა საჯარიმოში წააქცია. ვიდეორეფერიზე განხილვის შემდეგ „მილანის“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც მატეო პოლიტანომ გოლად აქცია და „ნაპოლი“ დააწინაურა.

ამის შემდეგ „მილანმა“ სტუმრებს შტურმი მოუწყო და 69-ე წუთზე ოლივიე ჟირუმ წონასწორობა აღადგინა. მოედანზე ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. მაგრამ „ნაპოლის“ კონტრშეტევებმა შედეგი კიდევ ერთხელ გამოიღო – 78-ე წუთზე მარიო რუის გადაცემით ჯოვანი სიმეონეომ „ნაპოლი“ მეორედ დააწინაურა. 86-ე წუთზე კვარაცხელია შეცვალეს.

საბოლოოდ, შეხვედრა „ნაპოლის“ გამარჯვებით 2:1 დასრულდა და „სან სიროზე“ „როსონიერის“ 23-მატჩიანი წაუგებელი სერია შეაჩერა. ლუჩანო სპალეტის გუნდი სერია A-ში ჩატარებული 7 ტურის შემდეგ 17 ქულით პირველ ადგილზე დაბრუნდა, „მილანი“ (14) კი სამი ქულით ჩამოიტოვა და მე-5 ადგილზე დააქვეითა.