კვარაცხელიამ ჯერ არ იცის, ზამთარში კლუბს შეიცვლის თუ არა - ჩემი პრიორიტეტი ევროპაში თამაშია (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ არ დაადასტურა, რომ შესაძლოა, ახალი წლის შემდეგ გუნდი შეიცვალოს – თუმცა, საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელი ამას არც გამორიცხავს.

„მე ვერ ვიტყვი, რომ გუნდს შევიცვლი, თუმცა, ვიცი, რომ შემოთავაზებაც არის და მოლაპარაკებაც მიმდინარეობდა. მაგრამ ახლა ზუსტ პასუხს ვერ გეტყვით. ამის შესახებ ურთიერთობა კლუბებს აქვთ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან 2020 წლის ყველაზე გამორჩეულმა ქართველმა მოთამაშემ.

კვარაცხელიამ არ დამალა, რომ ევროპაში წასვლა სურს:

„რა თქმა უნდა, მინდა, რომ ევროპაში ვითამაშო. ჩემი პრიორიტეტი დიდი ფეხბურთის თამაშია და ბუნებრივია, არ ვაპირებ, რომ რუსეთში დიდი ხანი გავჩერდე. ევროპაში კი ბევრი კარგი ლიგა და გუნდია“.

დატოვე კომენტარი