კვარაცხელიამ „იუვენტუსს“ ისევ გაუტანა - „ნაპოლიმ“ მოიგო და ლიდერებს მიუახლოვდა [ვიდეო] #1TVSPORT
კვარაცხელიამ „იუვენტუსს“ ისევ გაუტანა - „ნაპოლიმ“ მოიგო და ლიდერებს მიუახლოვდა [ვიდეო] #1TVSPORT

„ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატში „იუვენტუსს“ უმასპინძლა და ხვიჩა კვარაცხელიასა და ჯაკომო რასპადორის გოლებით 2:1 გაიმარჯვა.

„სტადიო მარადონაზე“ გამართული 27-ე ტურის მატჩში ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე შეცვალეს. ხვიჩას წინააღმდეგ მცველები პირველივე წუთებიდან უხეშობდნენ – ამის გამო პირველ ტაიმში არბიტრმა ტურინელთა ორი ფეხბურთელი (ბრემერი, კამბიაზო) გააფრთხილა.

პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ გოლის გატანა ქართველმა თავდამსხმელმა მოახერხა.

42-ე წუთზე გუნდის კაპიტნის, ჯოვანი დი ლორენცოს ჩაწოდებული ბურთი მცველმა მოიგერია, გადმოვარდნილ ბურთზე ხვიჩამ შეუჩერებლად დაარტყა და ეფექტური გოლით „ნაპოლი“ დააწინაურა.

მეორე ტაიმში „ნაპოლი“ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ საგოლე მომენტებს ხშირად ვერ ქმნიდა. 81-ე წუთზე კი „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა, ფედერიკო კიეზამ საჯარიმოს სიახლოვიდან ძლიერად დაარტყა და წონასწორობა აღადგინა.

87-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენთან უხეშობისთვის სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც თავად ნიგერიელმა თავდამსხმელმა შეასრულა – ტურინელთა მეკარემ, ვოიცეხ შჩესნიმ დარტყმა მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ჯაკომო რასპადორიმ გაიტანა და ნეაპოლელებს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა.

„ნაპოლი“ 27 ტურის შემდეგ 43 ქულით მე-7 პოზიციაზე დაწინაურდა და ევროტურნირებზე გამსვლელთა ზონას მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ზონას – 8 ქულით.

ხვიჩა კვარაცხელიამ კი ზედიზედ ორ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა (პლუს 1 საგოლე გადაცემა). სულ კი მიმდინარე სეზონზე კვარაცხელიას უკვე 9 გოლი და 4 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.