კვარაცხელიამ ფოთის „კოლხეთს“ თასის ნახევარფინალში გასვლა მიულოცა - მადლობა, რომ სამეგრელოში ფეხბურთის აღორძინებას ცდილობთ #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიამ ფოთის „კოლხეთს“ საქართველოს თასის ნახევარფინალში გასვლა მიულოცა და კლუბის ხელმძღვანელობას სამეგრელოში ფეხბურთის განვითარებისთვის მადლობა გადაუხადა.
„მოგესალმებით ფოთის „კოლხეთის“ გულშემატკივრებს და მინდა, საქართველოს თასის მეოთხედფინალში გამარჯვება მოგილოცოთ – და არა მხოლოდ ეს, არამედ ჩემპიონატში წარმატებული გამოსვლაც. დიდ მადლობა, რომ სამეგრელოში ფეხბურთის აყვავებასა და აღორძინებას ცდილობთ და წინ მიიწევთ.
მინდა, კიდევ ბევრი წარმატება გისურვოთ. პირველ რიგში, მინდა, მამუკა ჯუღელის თამადობით ყველა იმ ადამიანს მივულოცო, რომლებიც ამ კლუბის სათავეში დგანან. წარმატებები, ბიჭებო“, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.
შეგახსენებთ, რომ ერთი წელია, რაც უძველესი ქართული კლუბი ფოთის „კოლხეთი“ „ნაპოლის“ ქართველი ვარსკვლავის მენეჯერმა, მამუკა ჯუღელმა აიყვანა. ამ გუნდიდან განხორციელდა იტალიის სერია A-ს „ფროსინონეში“ ორი ქართველი ფეხბურთელის – გიორგი კვერნაძისა და აკაკი გიუნაშვილის ტრანსფერები.
ფოთის „კოლხეთმა“ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალში ქუთაისის „ტორპედო“ დაამარცხა და ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც 7 ნოემბერს ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს – წყვილის გამარჯვებულს ერთმატჩიანი დაპირისპირება გამოავლენს.