კვარაცხელიამ 2021 წლის პირველივე მატჩში გაიტანა (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ წლის პირველივე შეხვედრაში თავი გოლით გამოიჩინა. თურქულ შეკრებაზე ყაზანის „რუბინმა“, სადაც საქართველოს ნაკრების 19 წლის თავდამსხმელი თამაშობს, პირველი ტესტ-მატჩი ჩაატარა და გაიმარჯვა.

ბელეკში გამართულ შეხვედრაში „რუბინი“ სერბეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვან გუნდს, ბელგრადის „პარტიზანს“ დაუპირისპირდა, რომელიც სერბეთის ჩემპიონატში მე-19 ტურის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს.

ყაზანელები შეტევაში კარგად გამოიყურებოდნენ და პირველი ტაიმი 3:0 მოიგეს. ხვიჩა კვარაცხელია „რუბინის“ ძირითად შემადგენლობაში იყო – მან პირველი საგოლე შეტევა განავითარა, ხოლო 39-ე წუთზე თავად გაიტანა. ხვიჩამ მაღალი პრესინგით მეკარე აიძულა, რომ შეცდომა დაეშვა და ბურთი ყაზანელებმა მოიპოვეს, შეტევისას კი თანაგუნდელისგან საჯარიმოში ბურთი მიიღო და „პარტიზანის“ კარში ერთი შეხებით გადაგზავნა.

56-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას მეტოქის მოთამაშეები რამდენიმე ეპიზოდში ეუხეშნენ. რისკის თავიდან ასაცილებლად 56-ე წუთზე ხვიჩამ შეცვლა ითხოვა და მოედანი დატოვა. საბოლოოდ, „რუბინმა“ წლის პირველი მატჩი 5:2 მოიგო.

ყაზანელები შემდეგ საკონტროლო შეხვედრას 24 იანვარს გამართავენ – ამჯერად „რუბინი“ რუსეთის პრემიერლიგის გუნდს, „სოჭს“ შეხვდება.

დატოვე კომენტარი