კვარაცხელია ტრავმას გადაურჩა - „რუბინმა“ ტურნირზე მეორედ წააგო #1TVSPORT
კვარაცხელია ტრავმას გადაურჩა - „რუბინმა“ ტურნირზე მეორედ წააგო #1TVSPORT

„პრემიერ მატჩის“ თასზე ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა, ყაზანის „რუბინმა“ მესამე მატჩი „სოჭთან“ გამართა და ზედიზედ მეორედ დამარცხდა.

ტურნირი „რუბინმა“ კარგად დაიწყო და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის გოლით „ხიმკი“ 1:0 დაამარცხა, მაგრამ „სპარტაკთან“ 0:4 წააგო. „სოჭმა“ იგივე ანგარიშით წააგო სპარტაკთან, შემდეგ კი „ხიმკის“ მოუგო – 3: 2.

„რუბინმა“ თამაში აქტიურად დაიწყო და სწრაფი ბურთის გატანას შეეცადა. ყაზანელთა შორის განსაკუთებული როლი ხვიჩა კვარაცხელიას ჰქონდა და პირველ ტაიმში რამდენიმეჯერ სცადა შეტევის გამწვავება. პირველად ჩვეულ სტილში ფლანგიდან საჯარიმო მოედნის წინ შევიდა და დაარტყა, მაგრამ სიზუსტე დააკლდა, შემდეგ ხვიჩამ სცადა მცველის გასწრება და დარტყმა, მაგრამ ამ ეპიზოდში დაშავდა, თუმცა, ექიმების დახმარებით წამოდგა და თამაშში დაბრუნდა.

44-ე წუთზე კვარაცხელიამ თავისი ტექნიკით გულშემატკივრები კიდევ ერთხელ გააოცა – ბურთი პირდაპირ ცენტრიდან საჯარიმოსკენ წაიღო, რამდენიმე მეტოქეს გაცდა და კარში დაარტყა, მაგრამ მეკარემ ბურთი მოიგერია. ხვიჩა 62-ე წუთზე შეცვალეს.

სამწუხაროდ, ხვიჩა კვარაცხელია ჯერ ისევ „რუბინშია“ და მის ტრანსფერზე ახალი არაფერი ისმის. რამდენად რეალურია, რომ ყაზანური კლუბი დატოვოს, ჯერ უცნობია.