კვარაცხელია თერაპიის კურსს გადის - ხვიჩა „ნაპოლისთან“ ერთად ჯერ არ ვარჯიშობს #1TVSPORT
კვარაცხელია თერაპიის კურსს გადის - ხვიჩა „ნაპოლისთან“ ერთად ჯერ არ ვარჯიშობს #1TVSPORT

„ნაპოლიმ“ გამოაქვეყნა ინფორმაცია ტრავმირებული მოთამაშეების მდგომარეობაზე, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაზე და ცნობილი გახდა, რომ ქართველი თავდამსხმელი ისევ თერაპიის კურსს გადის.

კასტელ ვოლტურნოში „ნაპოლი“ „უდინეზეს“ წინააღმდეგ შაბათის მატჩისთვის ემზადება, რომელიც 2022 წელს გუნდებისთვის სერია A-ში ბოლო დაპირისპირება იქნება. მამუკა ჯუღელმა განაცხადა, რომ ხვიჩას თავს სერიოზული არაფერია და სავარაუდოდ, „უდინეზესთან“ უნდა ითამაშოს.

„რაჰმანი ასრულებს თერაპიის კურსს, დარბაზში ფიტნესით იტვირთება და ინდივიდუალურად ვარჯიშობს. სირიგუ და კვარაცხელია კი თერაპიის კურს გადიან და დარბაზში იტვირთებიან“, – ვკითხულობთ „ნაპოლის“ განცხადებაში.

„ქართველი გარემარბი ბოლო მატჩის შემდეგ მკურნალობდა და მხოლოდ ორი დღეა, დარბაზში ვარჯიშობს. სპალეტი ბოლო მომენტში გადაწყვეტს, ქართველი „უდინეზესთან“ ითამაშებს თუ არა. კვარაცხელიამ „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩში წელის მწვავე ტკივილი იგრძნო, რომელმაც აიძულა გამოეტოვებინა „ატალანტასთან“ და „ემპოლისთან“ მატჩები და სერია A-ში მატჩები პირველად გამოტოვა. ამიტომაც რჩება დიდი ეჭვი „უდინეზესთან“ შეხვედრაში მის მონაწილეობაზე. მხოლოდ მატჩის წინა საათებში გადაწყვეტს სპალეტი, ითამაშებს თუ არა „ნაპოლის“ 77 ნომერი, მაგრამ საუკეთესო ვარიანტში, ქართველი თავიდან სათადარიგო სკამზე იქნება“, – წერს Corriere dello sport.

ამავეს ამტკიცებს Calciomercato: 

„ხვალინდელი დღე გადამწყვეტი იქნება, მაგრამ საუკეთესო შემთხვევაში სათადარიგოთა სკამზე იჯდება. მისი ძირითად შემადგენლობაში ნახვა თითქმის გამორიცხულია“.

ქართველი თავდამსხმელის შესახებ ჩრდილოეთ მაკედონიელმა ელიფ ელმასმაც ისაუბრა: 

„კვარაცხელია მკურნალობას ასრულებს და იმედი მაქვს, მალე მომჯობინდება. მან ჩემპიონატი არაჩვეულებრივად დაიწყო“.