კვარაცხელია საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელია (ვიდეო)

​GFF Awards 2020-ზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი დაასახელა – გამოკითხვაში საუკეთესო საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, რომელმაც 2020 წელი გამორჩეულად ჩაატარა.

2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზე ასევე წარდგენილები იყვნენ საქართველოს ნაკრების წევრები, კოსტანაისტობოლის“ ნახევარმცველი ჯაბა კანკავა და დონეცკის „შახტარის“ მცველი დათა ხოჭოლავა.

2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელი

ხვიჩა კვარაცხელია, ყაზანის „რუბინი“

ნომინანტები

ჯაბა კანკავა, კოსტანაისტობოლი“, დათა ხოჭოლავა, დონეცკის „შახტარი“

ხვიჩა კვარაცხელია

დაიბადა 2001 წლის 12 თებერვალს თბილისში, საქართველოში (19 წლის).

სიმაღლე – 183 სმ.

პოზიცია – შემტევი ნახევარმცველი.

მიმდინარე კლუბი – ყაზანის „რუბინი“

ახალგაზრდული კარიერა

2012–2017 „დინამო თბილისი“

პროფესიული კარიერა

2017–2018 „დინამო თბილისი“

2018–2019 „რუსთავი“

2019 „მოსკოვის ლოკომოტივი“

2019 „რუბინი“

ეროვნული ნაკრები

2016–2018 საქართველო U17 21 (15)

2017– საქართველო U19 6 (2)

2019– საქართველო 5 (1)

საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებებისა და ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია 2012 წლიდან თამაშობდა თბილისის „დინამოს“ აკადემიასა და ახალგაზრდულ გუნდებში. კვარაცხელიამ კარიერა 2017 წელს, თბილისის „დინამოში“ დაიწყო. ერთი წლის შემდეგ „რუსთავში“ გადავიდა.

2019 წლის 15 თებერვალს, კვარაცხელია იჯარით მოსკოვის „ლოკომოტივში“ წავიდა. მისი დებიუტი რუსეთის პრემიერლიგაში 2019 წლის 10 მარტს, მახაჩყალის „ანჟის“ წინააღმდეგ შედგა. ის მოედანზე 86-ე წუთზე ჯეფერსონ ფაფრანის ნაცვლად გავიდა.

2019 წლის პირველ ივლისს, იჯარის ვადის გასვლის შემდეგ კვარაცხელიამ დატოვა „ლოკომოტივი“. მოსკოვის „ლოკომოტივის“ მწვრთნელმა იური სიომინმა განაცხადა, რომ იმედგაცრუებული იყო ხვიჩას გუნდიდან წასვლის და „რუსთავისგან“ არ გამოსყიდვის გამო.

2019 წლის 6 ივლისს, კვარაცხელიამ ხელი მოაწერა ხუთწლიან კონტრაქტს ყაზანის „რუბინთან“. 2019 წლის 15 ივლისს, ახალი გუნდში ჩატარებულ პირველივე შეხვედრაში პირველი გოლი ყოფილ კლუბს, მოსკოვის „ლოკომოტივს“ გაუტანა. თუმცა, გულშემატკივრებისადმი პატივისცემა გამოავლინა და გოლი არ აღნიშნა.

2020 წლის ზაფხულში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „გალათასარაი“ მზად იყო მის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. 2020 წელს გულშემატკივრებმა კვარაცხელია ზედიზედ სამჯერ, აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

სანაკრებო კარიერა

მისი დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2019 წლის 7 ივნისს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, გიბრალტარის წინააღმდეგ შედგა. 2020 წელს კი გუნდის საკვანძო მოთამაშე გახდა. 14 ოქტომბერს, ნაკრების მაისურით პირველი გოლი, ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს გაუტანა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

მართალია, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფში მხოლოდ მესამე ადგილზე გავიდა, მაგრამ ჯგუფის საუკეთესო ფეხბურთელად 19 წლის ქართველი დაასახელეს. ხვიჩა კვარაცხელიამ ერთა ლიგაზე სამი მატჩი ჩაატარა, სულ 200 წუთი – გაიტანა ერთი გოლი, გააკეთა ერთი საგოლე გადაცემა, საშუალოდ თამაშის დროს დრიბლინგი – 5.3, ხოლო მნიშვნელოვანი პასების რაოდენობა მატჩში – 1,3-ია.

ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფში მის გადაცემით, ესტონეთთან გასვლაზე გამარჯვების გოლი ნიკა კაჭარავამ გაიტანა, ჩრდილოეთ მაკედონიასთან საშინაო შეხვედრაში პენალტი მისი გადაცემის შემდეგ თორნიკე ოქრიაშვილმა მოიპოვა. სომხეთთან მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, ხოლო სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოედანზე 70-ე წუთზე გამოჩნდა და ოთხ წუთში ეფექტური გოლი გაიტანა.

ხვიჩას მამა ყოფილი ფეხბურთელი ბადრი კვარაცხელიაა. 2000 წელს ბადრი კვარაცხელიამ ჩაატარა სამი მატჩი აზერბაიჯანის ნაკრებში. თამაშობდა ქართულ და აზერბაიჯანულ კლუბებში.

ტიტულები

რუსეთის თასი (1): 2018–19.

ინდივიდუალური

საქართველოს საუკეთესო 19-წლამდელი ფეხბურთელი 2018.

რუსეთის პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: 2019–20.

საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი 2020.