კვარაცხელია სახალხო აკადემია „უქიმერიონს“ დაეხმარა - შვიდი თვეა, იმავეს ქვილითაია აკეთებს #1TVSPORT
კვარაცხელია სახალხო აკადემია „უქიმერიონს“ დაეხმარა - შვიდი თვეა, იმავეს ქვილითაია აკეთებს #1TVSPORT

საფეხბურთო აკადემია თბილისის „უქიმერიონმა“ სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას სურათი გამოაქვეყნა და მას თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც თბილისის „უქიმერიონის“ წერილიდან ირკვევა, საქართველოს ნაკრების 20 წლის თავდამსხმელმა კლუბის გასაჭირი გულთან ახლოს მიიტანა და დაეხმარა.

„იცანით ხომ ფოტოზე ვინც არის? კი, ნამდვილად ჩვენი კვარაა. მოგეხსენებათ, ჩვენი აკადემია რამდენიმე თვეა ფინანსურ კრიზის ებრძვის, ძალიან ბევრმა კომპანიამ უარი გვითხრა დახმარებაზე და ძალიან ბევრმაც საერთოდ არ იკადრა ჩვენი მოსმენა. გუშინ, კი ჩვენს ინსტაგრამ გვერდზე თავისი ინიციატივით, დაგვიკავშირდა ყველასთვის საყვარელი ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც ძალიან პოზიტიურად შეაფასა ჩვენი საქმიანობა და სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა. ძალიან ბედნიერები ვართ ამ ფაქტით. ხვიჩას მთელი უქიმერიონის სახელით უდიდეს მადლობას ვუხდით და უდიდეს წარმატებებს ვუსურვებთ. ვიმედოვნებთ, მისი ძალიან ღირსეული და დასაფასებელი საქციელი, სხვა ქართველი ფეხბურთელებისთვისაც სამაგალითო იქნება. სიკეთე არ იკარგება. კვარა მადლობა“, – წერია აკადემიის განცხადენაში.

საქართველოს პირველმა არხმა კომენტარი ჩამოართვა სოსო ხაჩიძეს, რომელიც თბილისის „უქიმერიონის“ დამფუძნებელი და მთავარი მწვრთნელია. აღსანიშნავი ფაქტია, რომელსაც აკადემიის ვებგვერდზე ვკითხულობთ – „ესაა საქართველოს ისტორიაში ერთადერთი სახალხო საფეხბურთო აკადემია“.

„ბოლო ორ თვეში ძალიან ბევრი ბავშვი მივიღეთ. ფეხბურთის ფედერაცია ძალიან დაგვეხმარა და ორი მოედანი დაგვითმო, მაგრამ 130 ბავშვს მარტო ვერ ავუდიოდით. ამიტომ გვჭირდებოდა მწვრთნელები და ფინანსური პრობლემები შეგვექმნა. ამ დროს ხვიჩა თავისით გამოგვეხმაურა და მისი უზომოდ მადლიერი ვარ. ბავშვებს ეს ამბავი რომ ვუთხარი, ვერ წარმოიდგენთ, რამხელა სტიმული გაუჩნდათ და როგორი გახარებულები არიან. სხვათა შორის, 7 თვეა გიორგი ქვილითაია გვეხმარება და მე ეს ფაქტი აუცილებალდ უნდა აღვნიშნო. ახლა ხვიჩა დაგვიდგა გვერდში. მადლობა მათ ამ სიკეთისთვის“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან სოსო ხაჩიძემ.