კვარაცხელია „რუბინის“ წლის მოთამაშეა
კვარაცხელია „რუბინის“ წლის მოთამაშეა

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩინებულად დაწყებული სეზონი საუკეთესოდ ჩაატარა – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ყაზანის „რუბინის“ 2019/20 სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

სეზონის რჩეულები ყაზანელთა ოფიციალურ ვებგვერდზე გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად გაირკვა. სამეულში მოხვდნენ 19 წლის ქართველი ხვიჩა კვარაცხელია, 32 წლის რუსი მეკარე იური დუპინი და 23 წლის ხორვატი მცველი ფილიპ ურემოვიჩი.

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები სეზონის ბოლო მატჩის შემდეგ გამართულ გუნდურ საღამოზე დააჯილდოვეს.

„ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონის განმავლობაში, „მატჩ პრემიერის“ ექსპერტებმა შეხვედრის საუკეთესო მოთამაშის პრიზი ხუთჯერ გადასცეს. გაიტანა სამი გოლი, გააკეთა სამი პასი, დაიმსახურა ორი პენალტი და წარმატებული დრიბლინგების თვალსაზრისით ლიგაში მეორე ადგილზე აღმოჩნდა,“ – წერს ყაზანის „რუბინის“ ოფიციალური გვერდი.

აღსანიშნავია, რომ სამეულში შესული დანარჩენი მოთამაშეები მატჩის საუკეთესოები სულ სამჯერ გახდნენ – იური დიუპინს ეს ჯილდო ორჯერ გადასცეს, ხოლო ფილიპ ურემოვიჩს – ერთხელ.