კვარაცხელია „რუბინის“ თვის ფეხბურთელად აღიარეს
კვარაცხელია „რუბინის“ თვის ფეხბურთელად აღიარეს

19 წლის თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის „რუბინის“ აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს – გამოკითხვის შედეგები რუსეთის პრემიერლიგის კლუბის ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა.

საუკეთესო მოთამაშის გამოვლენა „რუბინის“ ოფიციალურ გვერდზე ყაზანური კლუბის გუშემატკივრების მონაწილეობით მიმდინარეობდა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს ხმა გამოკითხულთა 30 პროცენტზე მეტმა მისცა და ხვიჩა კვარაცხელია ახალი სეზონის პირველივე თვეში საუკეთესო გახდა. მეორე ადგილზე დენის მაკაროვი გავიდა, მესამეზე – დანიელი ოლივერ აბილდგორი.

აგვისტოში ხვიჩა კვარაცხელია მონაწილეობდა რუსეთის ჩემპიონატში „რუბინის“ ჩატარებულ ექვსივე მატჩში და თავი სამი საგოლე გადაცემით გამოიჩინა, ამას გარდა, ორჯერ მისი წაქცევისთვის პენალტი დაინიშნა.

ამჟამად ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებშია – ერთა ლიგის ახალ გათამაშებაში ესტონეთთან ერთადერთი გოლი ნიკა კაჭარავამ მისი საგოლე გადაცემის შემდეგ გაიტანა.

დატოვე კომენტარი