კვარაცხელია „რეინჯერსთან“ მოგებას გამოეხმაურა - „მილანის“ გულშემატკივარმა ქართველს მარსიანელი უწოდა #1TVSPORT
კვარაცხელია „რეინჯერსთან“ მოგებას გამოეხმაურა - „მილანის“ გულშემატკივარმა ქართველს მარსიანელი უწოდა #1TVSPORT

„ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „რეინჯერსთან“ გასვლაზე მოგებულ (0:3) შეხვედრას სოციალურ ქსელში ლაკონური პოსტით გამოეხმაურა.

„კიდევ 3 ქულა – გააგრძელე“, – წერს „ნაპოლისა“ და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, რომელმაც ახალ კლუბში 90 წუთი პირველად ითამაშა. ხვიჩას მოპოვებული პენალტით „ნაპოლიმ“ ანგარიში გახსნა, ხოლო შემდეგ მეორე საგოლე შეტევა წამოიწყო.

„ნაპოლისა“ და ქართველი ფეხბურთელის მისამართით კომპლიმენტები „მილანის“ გულშემატკივარმაც არ დაიშურა და არ დამალა, რომ „ნაპოლი“ და კვარაცხელია აშინებს, ქართველ თავდამსხმელს კი მარსიანელი უწოდა.

„მილანის“ გულშემატკივარმა Youtube-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ეძღვნება ლუჩანო სპალეტის გუნდს.

„ძალიან მეშინია კვირა დღის (როდესაც სერია A-ში „ნაპოლი“ „მილანს“ შეხვდება). ერთი რამ ცხადია: ერთმანეთს (იტალიის) უძლიერესი გუნდები შეხვდებიან. „ნაპოლიმ“ „რეინჯერსის“ წინააღმდეგ კოსმოსური თამაში აჩვენა. ამ სტადიონზე თამაში და ამ გზით მოგება ადვილი არ არის. ნეაპოლელებმა სამი გოლი გაიტანეს და პენალტი ააცილეს, პლუს, ბურთი ძელს გაარტყეს და მოწინააღმდეგე მეკარემ სამი შესანიშნავი სეივი მაინც გააკეთა. აღარ ჩერდებიან“.

შემდეგ „მილანის“ გულშემატკივარმა დაამატა.

„შეიძლება, „ნაპოლიმ“ ისეთი სანახაობრივი ფეხბურთი არ აჩვენა, როგორც სხვა დროს, მაგრამ მაინც მოიგო. ექვსი ქულით სატურნირო ცხრილში პირველი ადგილზეა და მომდევნო მატჩში გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე გასვლას შეძლებს. „ნაქპოლის“ ფეხბურთელები სანახაობრივად თამაშობენ. გლაზგოში იოლი არ იყო არც სათამაშო ატმოსფერო და არც იქ შეხვედრაში დომინირება. რაც შეეხება კვარაცხელიას, ის მარსიანელია“.