კვარაცხელია „რეალის“ გულშემატკივარია, მე და მამამისი „ბარსელონას“ ვქომაგობთ - ხვიჩას მენეჯერმა სამეფო კლუბის ინტერესზე ისაუბრა #1TVSPORT
კვარაცხელია „რეალის“ გულშემატკივარია, მე და მამამისი „ბარსელონას“ ვქომაგობთ - ხვიჩას მენეჯერმა სამეფო კლუბის ინტერესზე ისაუბრა #1TVSPORT

რა თანხა გადაიხადა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერში „ნაპოლიმ“, დარჩება თუ არა ნეაპოლის კლუბში და ითამაშებს თუ არა ევრო 2023-ზე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში? ამის შესახებ კომენტარი მოთამაშის მენეჯერმა, მამუკა ჯუღელმა გააკეთა.

„რაც შეეხება კვარაცხელიას სატრანსფერო თანხის გადანაწილებას, ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ. დემოკრატია კი არის, მაგრამ არც ისეთი დემოკრატი ვარ, რომ ყველაფერი ვილაპარაკო. ეს კლუბების საიდუმლოებაა. ყველა კმაყოფილია, კვარაცხელია, მე, „რუბინის“ ხელმძღვანელობა და ბათუმის „დინამოს“ ხელმძღვანელობაც არ არის გაბრაზებული.

ზაფხულში ახალგაზრდულ ევრო 2023-ზე ითამაშებს თუ არა კვარაცხელია? არა მგონია, „ნაპოლისგან“ პრობლემა იყოს, მაგრამ მასაც უნდა დაელაპარაკონ, რობოტი ხომ არ არის. მე კი ჯერ არ მილაპარაკია.

„ნაპოლისთან“ ახალ კონტრაქტს რაც შეეხება, კრისტიანო ჯუნტოლის ვუთხარი, რომ ხვიჩას „ნაპოლიში“ ყველაფერი მოსწონს, არავინ არსად წასვლას არ აპირებს და ჯერჯერობით არსად ვჩქარობთ-მეთქი. მე ვთქვი, რომ „ნაპოლიდან“ არცერთ იტალიურ კლუბში არ გადავა, მაგრამ ვანგა კი არ ვარ, ათი წლის შემდეგ რა მოხდება, იმაზე ვისაუბრო.

ინტერესდება თუ არა „რეალი?“ საერთოდ, მე და მამამისი ბადრი „ბარსელონას“ გულშემატკივრები ვართ და თუ გადასვლა იქნება, იქ გვინდა, წავიდეს, მაგრამ თვითონ „რეალის“ გულშემატკივარია. ვნახოთ, პირველი ვინ მოვა. ისე, რა იცი, რომ არ მოვიდა?!“ – განაცხადა მამუკა ჯუღელმა „ჯეო თიმთან“ ინტერვიუში.