კვარაცხელია, ოსიმენი და „ნაპოლი“ რეკორდებს აუმჯობესებენ #1TVSPORT
კვარაცხელია, ოსიმენი და „ნაპოლი“ რეკორდებს აუმჯობესებენ #1TVSPORT

ნაპოლიმ“ გასვლაზე „სპეციასთან“ 3:0 მოიგო და მორიგი რეკორდები გააუმჯობესა, ისევე როგორც ამ მატჩების გმირებმა – ხვიჩა კვარაცხელიამ და ვიქტორ ოსიმენმა, რომლებმაც მასპინძლები შეცდომებისთვის სასტიკად დასაჯეს და მილანის „ინტერთან“ 13-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნეს

უდავოა, რომ ოსიმენი და კვარაცხელია გუნდს ტიტულისთვის ბრძოლაში წინ მიუძღვიან და „სპეციასთანაც“ გადამწყვეტი როლი კიდევ ერთხელ ითამაშეს. ეს ყველაფერი კონკრეტულ სტატისტიკაში აისახება.

კვარაცხელია ამ სეზონში ევროპის ტოპ 5 ლიგაში მხოლოდ მეხუთე მოთამაშე გახდა, რომელმაც ყველა ტურნირზე მინიმუმ 10 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა (10 და 12) შეასრულა, ხოლო ოსიმენი გახდა „ნაპოლის“ მეოთხე მოთამაშე, რომელმაც სერია A-ს პირველ 21 მატჩში 16 გოლი გაიტანა.

ძირითადი ფაქტები:

– მას შემდეგ, რაც სპალეტიმ „ნაპოლი“ ჩაიბარა, გუნდმა სერია A-ში კარი „მშრალად“ 25-ჯერ შეინახა – მეტჯერ, ვიდრე ნებისმიერმა სხვა გუნდმა.

– ევროპის ტოპ 5 ლიგის მოთამაშეებიდან, რომლებმაც 10+ გოლი გაიტანეს და 10+ საგოლე გადაცემა შეასრულეს, კვარაცხელია ყველაზე ახალგაზრდაა. დანარჩენები არიან ლიონელ მესი, ნეიმარი, რენდალ კოლო მუანი და სერჟ გნაბრი.

კვარაცხელია-ოსიმენის დუეტმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტ გოლში მიიღო მონაწილეობა. ოსიმენის ანგარიშზე სერია A-ს მიმდინარე სეზონში 19 შედეგიანი ქმედებაა: 16 გოლი+3 პასი. კვარაცხელია მას მცირედით ჩამორჩება – მან 17 შედეგიანი ქმედება განახორციელა – 8 გოლი +9 საგოლე გადაცემა.

– ევროპის ტოპ ხუთეულში მიმდინარე სეზონში ოსიმენზე (16) მეტი გოლი მხოლოდ ერლინგ ჰალანდს (25) აქვს გატანილი.

„ნაპოლი“ ერთ კვირაში ლუკა ლოჩოშვილისკრემონეზეს“ დაუპირისპირდება, რომელსაც ამ სეზონში სერია A-ში ჯერ არ მოუგია.