კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა ათეულშია - ამ სიაში ქართველები ბოლოს 42 წლის წინ დაასახელეს #1TVSPORT
კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა ათეულშია - ამ სიაში ქართველები ბოლოს 42 წლის წინ დაასახელეს #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიამ შესანიშნავი სეზონის შემდეგ უდიდესი აღიარება დაიმსახურა. საქართველოს ნაკრების წევრი და იტალიის ჩემპიონის, „ნაპოლის“ ქართველი ლეგიონერი „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა ათეულში შევიდა – ინფორმაციას გამოკითხვის ორგანიზატორი გამოცემა France Football ავრცელებს.

„ოქროს ბურთი“ (ფრანგ. Ballon d’Or) ჯილდოა, რომელიც დააწესა ფრანგულმა საფეხბურთო ჟურნალმა, France Football-მა და ყოველწლიურად გადაეცემა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს. ხშირად ამ დაჯილდოებას ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოებასაც უწოდებენ. იდეა ეკუთვნოდა ჟურნალის რედაქტორს, გაბრიელ ანოს, რომელმაც თავის კოლეგებს სთხოვა, დაესახელებინათ 1956 წლის საუკეთესო ფეხბურთელი. ჯილდო სერ სტენლი მეთიუზს გადაეცა. ამის შემდეგ დაჯილდოებამ ყოველწლიური სახე მიიღო და არსებობის განმავლობაში ყველაზე პოპულარულ ინდივიდუალურ საფეხბურთო ჯილდოდ მიიჩნევა.

კვარაცხელიას პრეტენდენტობასთან დაკავშირებით, გამოცემა Pianetazzurro-მ საინტერესო წერილი გამოაქვეყნა.

„ოქროს ბურთი“ – „ნაპოლის“ ქართველი გარემარბი კვარაცხელია პრეტენდენტთა ათეულშია

„ქართველი ტალანტი „ნაპოლიდან“, რომელიც მხოლოდ 21 წლისაა, იტალიის ჩემპიონატის ნამდვილი სიურპრიზი გახდა. ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ნეაპოლელებმა შარშან შენიშნეს და მხოლოდ ათ მილიონ ევროდ იყიდეს, ახალდამთავრებული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

მან ახლა ნახევარი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ France Football-მა „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა ათეულში შეიყვანა. ნეაპოლელთა ფეხბურთელი გადაიქცა „ნაპოლის“ გულშემატკივრებისა და ფეხბურთის ყველა მოყვარულის კერპად და გახდა ორიენტირი მრავალი ახალგაზრდა ადამიანისათვის, ვისაც სპორტის ეს სახეობა უყვარს.

ცხადია, პრესტიჟული ჯილდოს მიღების შანსები ძალიან მცირეა, რადგან ამისთვის იბრძვიან მესი, ჰალანდი, ვინისიუსი და მბაპე. თუმცა, France Football-ის საუკეთესო ათეულში მოხვედრაც უკვე დიდი წარმატებაა როგორც მისთვის, ასევე „ნაპოლისთვის“ და მისი გულშემატკივრებისთვის“, – წერს გამოცემა.

აღსანიშნავია, რომ France Football-მა „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა ათეულში ქართველი ფეხბურთელები მხოლოდ ერთხელ – 1981 წელს დაასახელა. ათეულში მოხვდა თბილისის „დინამოს“ ორი ლეგენდა – თავდამსხმელი რამაზ შენგელია და გუნდის კაპიტანი ალექსანდრე ჩივაძე, მე-11 პოზიციაზე კი დასახელდა ლეგენდარული ათიანი, დავით ყიფიანი. მას შემდეგ 42 წელი გავიდა.