კვარაცხელია „ნაპოლის“ ძირითადშია - იტალიელები იურგენ კლოპის „ლივერპულს“ დაუპირისპირდებიან #1TVSPORT
კვარაცხელია „ნაპოლის“ ძირითადშია - იტალიელები იურგენ კლოპის „ლივერპულს“ დაუპირისპირდებიან #1TVSPORT

იურგენ კლოპის „ლივერპულთან“ მატჩამდე „ნაპოლის“ განაცხადი ცნობილია – ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო შეხვედრას იტალიური კლუბის ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს.

ლუჩანო სპალეტის გუნდი ევროპული ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ჯგუფური ეტაპის სტარტზე ბოლო გათამაშების ფინალისტს, „ლივერპულს“ საშინაო არენაზე, „სტადიო მარადონაზე“ უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას უთამაშია კონფერენს ლიგაზე – გასულ სეზონში ყაზანის „რუბინის“ ფორმით ვაკო გვილაის გუნდის, პოლონური „რაკოვის“ წინააღმდეგ ითამაშა.

წელს კი „ნაპოლიში“ გადასვლამდე ბათუმის „დინამოში“ ჰქონდა საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლის შანსი, მაგრამ იტალიელთა მოთხოვნა იყო, რომ ქართველ ახალწვეულს დამქანცველი სეზონის შემდეგ დაესვენა, ნეაპოლელებთან ერთად შეკრებამდე ძალები აღედგინა და ისე მომზადებულიყო.

„ნაპოლისა“ და „ლივერპულის“ მატჩი ჩემპიონთა ლიგის „ა“ ჯგუფში „სტადიო მარადონაზე“ 23:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატის 5 მატჩში 4 გოლი გაიტანა, 1 საგოლე გადაცემა შეასრულა და იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციის გამოკითხვით აგვისტოში სერია „ა“-ს საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.