კვარაცხელია „ნაპოლის“ ასისტით დაეხმარა - იტალიელებმა ქართველების „ჰატაისპორი“ დაამარცხეს [ვიდეო] #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიამ თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა – „ნაპოლიმ“ კასტელ დი სანგროში (სადაც წინასასეზონო შეკრების მეორე ნაწილს გაატარებს) პირველი საერთაშორისო ამხანაგური მატჩი „ჰატაისპორთან“ გამართა და 4:0 დაამარცხა.

ერთმანეთს ქართველების ორი გუნდი დაუპირისპირდა. იტალიელთა ძირითად შემადგენლობაში იყო ხვიჩა კვცარაცხლია (59 წუთი ითამაშა), ხოლო თურქული გუნდის სასტარტო თერთმეტეულში ითამაშეს საბა ლობჟანიძემ და გუნდის ახალწვეულმა, პორტუგალიური „ჟილ-ვისენტედან“ გადასულმა გიორგი აბურჯანიამ.

ანგარიში „ნაპოლიმ“ 23-ე წუთზე გახსნა. თავი ვიქტორ ოსიმენმა გამოიჩინა, რომელმაც დუბლი ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავი გადაცემით შეასრულა – ქართველმა შემტევმა ნიგერიელი თავდამსხმელი მეკარესთან პირისპირ დატოვა და სერია A-ს სეზონის ბომბარდირმა შანსი გოლად აქცია.

თურქებმა პირველი სახიფათო მომენტი 42-ე წუთზე საბა ლობჟანიძის გადაცემით შექმნეს, მაგრამ „ნაპოლის“ მეკარე ალექს მერეტიმ საიმედოდ ითამაშა და თურქების შეტევას გადაეღობა. მეორე ტაიმში კი იტალიელების უპირატესობა ჯოვანი სიმეონემ გაზარდა, რომელმაც დუბლი (64-ე და 71-ე წუთებზე) შეასრულა და იტალიის ჩემპიონმა 4:0 გაიმარჯვა.