კვარაცხელია მოედანს დაუბრუნდა
კვარაცხელია მოედანს დაუბრუნდა

თითქმის ერთთვიანი პაუზის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია მოედანს დაუბრუნდა და ყაზანის „რუბინში“ ითამაშა.

ყაზანელებმა რუსეთის ჩემპიონატის მე-17 ტურის შეხვედრა მოსკოვში „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ ჩაატარეს და 1:3 წააგეს. სტუმართა წაგებაში დიდი როლი 47-ე წუთზე ივან იგნატიევის გაძევებამ ითამაშა. ამ დროს ანგარიში 1:1 იყო. მოსკოველებმა რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს, მეტოქის კარი კიდევ ორჯერ იაღეს და გაიმარჯვეს.

ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც ერთი თვე კორონავირუსის გამო გაუცდა, მოედანზე 68-ე წუთზე შევიდა, ცხრა წუთში კი საგოლე მომენტი შემნა – ხვიჩა „ლოკომოტივის“ საჯარიმოში შეიჭრა და კარში დაარტყა, მაგრამ ბურთი მეკარე მარინატო გილერმემ აუღო. საბოლოოდ, ამ მცირე მონაკვეთში კვარაცხელიამ გამოცემა „ჩემპიონატისგან“ საკმაოდ მაღალი შეფასება, 6,5 ქულა დაიმსახურა – უფრო მაღალი შეფასება მხოლოდ კორეელმა ხვან ინ ბომმა მიიღო.

17 ტურის შემდეგ ყაზანის „რუბინმა“ 24 ქულა დააგროვა და მე-10 ადგილზეა, „ლოკომოტივმა“ კი 28 ქულა  და ყაზანელებთან უპირატესობა გაზარდა. შეგახსენებთ, რომ ბოლოს ხვიჩამ 8 ნოემბერს „ხიმკისთან“ ითამაშა და საქართველოს ნაკრებს ნოემბერში შეუერთდა, მაგრამ ერთ კვირაში კორონავირუსი დაუდგინდა და კარანტინში იმყოფებოდა, „რუბინს“ კი მხოლოდ სამშაბათს დაუბრუნდა.