„კვარაცხელია „ლოკომოტივის“ მომავალი იყო და ვერ შეინარჩუნეს“ - სიომინმა გუნდის ხელმძღვანელებთან კონფლიქტზე ილაპარაკა
„კვარაცხელია „ლოკომოტივის“ მომავალი იყო და ვერ შეინარჩუნეს“ - სიომინმა გუნდის ხელმძღვანელებთან კონფლიქტზე ილაპარაკა

„ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინში“ წასვლა გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც გუნდის ხელმძღვანელობას დავუპირისპირდი – ამის შესახებ მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა „სპორტ-ექსპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მან საქართველოს ნაკრების 19 წლის იმედისმომცემი თავდამსხმელისადმი მოსკოვური კლუბის თავკაცების გულგრილ დამოკიდებულებას მიუტევებელი შეცდომა უწოდა.

„ჩვენი ერთად მუშაობის პერიოდში ხელმძღვანელებმა არცერთი ის მოთამაშე არ დაიმატეს, რომელთა მოყვანაც გუნდის სატრანსფერო კომიტეტს ვთხოვე. ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით კი აბსოლუტურად აღმაშფოთებელი შემთხვევა მოხდა. ეს ბიჭი „ლოკომოტივის“ მომავალი იყო! ალექსეი მირანჩუკი წასვლას აპირებდა, ხვიჩა კი მის ადგილზე ითამაშებდა. კვარაცხელია ჩვენთან იჯარით დიდხანს იყო და მასში 100%-ით დარწმუნებული ვიყავი.

ვფიქრობ,  იმ ადამიანებმა, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, „ლოკომოტივს“ დიდი ზიანი მიაყენეს – როგორც სპორტულად, ასევე ფინანსურად. ჩვენ დავკარგეთ იაფი ფეხბურთელი, რომელიც მირანჩუკის წასვლის შემთხვევაში, ჩვენს სათამაშო სქემაში მაშინვე უმტკივნეულად ჩაჯდებოდა, შემდეგ კი მისი სატრანსფერო ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა“, – ამბობს იური სიომინი.

იური სიომინმა გუნდის ხელმძღვანელებს მოუწოდა, თანამდებობები დატოვონ. ცნობილი სპეციალისტის თქმით, გაშვების ორგანიზატორები პოსტიდან მისი წასვლის შემდეგ უნდა გადამდგარიყვნენ.

„თუ კლუბის ხელმძღვანელები მიიჩნევენ, რომ მე გარკვეული ამოცანები ვერ შევასრულე, ვფიქრობ, მართებული იქნებოდა, ყველა ერთად წავსულიყავით – გენერალური დირექტორი, დირექტორთა საბჭოს წევრები და მწვრთნელი. მათ დამნიშნეს და ჩემთან კონტრაქტი გაახანგრძლივეს. ანუ პასუხისმგებლობა ჩემთან ერთად უნდა აეღოთ“, – ამბობს იური სიომინი.