კვარაცხელია კვლავ რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს - რუხში აფხაზი ბავშვები უნდა ჩამოვიყვანოთ და ფეხბურთში გზა გავუკვალოთ #1TVSPORT
კვარაცხელია კვლავ რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს - რუხში აფხაზი ბავშვები უნდა ჩამოვიყვანოთ და ფეხბურთში გზა გავუკვალოთ #1TVSPORT

სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის ფებურთის ფედერაციაში (სრფფ) რიგით მე-13 საარჩევნო ყრილობა გაიმართა, სადაც ორგანიზაციის პრეზიდენტად კვლავ სერგო კვარაცხელია აირჩიეს.

დელეგატებმა სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად ჯესი სურმავა აირჩიეს, რომელსაც უეფა-მ 2020 წელს მარტვილში მასობრივი ფეხბურთის განვითარებისთვის საგანგებო ჯილდო გადასცა.

აღსანიშნავია, რომ სერგო კვარაცხელია უკვე 16 წელია ორგანიზაციას ხელმძღვანელობს. ის პოსტზე უკვე მეხუთედ აირჩიეს.

„მიხარია, რომ დელეგატებმა ნდობა კიდევ ერთხელ გამომიცხადეს. ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანი სამეგრელო ზემო სვანეთში არსებული ძალიან დიდი პოტენციალის ათვისებაა. ამიტომ ჩვენი პრიორიტეტი ბავშვთა ფეხბურთის და ინფრასტრუქტურის განვითარებაა. რეგიონში უკვე სამი საფეხბურთო ცენტრი აშენდა – მარტვილში, ფოთსა და ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში. ახალ საპრეზიდენტო პერიოდში ჩვენი დიდი სურვილია, რომ ანალოგიური ცენტრები აშენდეს, ან მინიმუმ ინფრასტრუქტურა განვითარდეს სენაკსა და ხობში და ფეხბურთის მასობრიობის და განვითარების პროგრამამ კიდევ უფრო მეტი რაიონი მოიცვას“, – ამბობს სერგო კვარაცხელია.

სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა შედეგი უკვე მოიტანა.

„უკვე აშკარად გამოჩნდა, რომ ამ აკადემიების ამოქმედების შედეგად ახალი თაობები წამოვიდა, სადაც ძალიან გამორჩეული ტალანტებიც გვხვდებიან. რაც მთავარია, რეგიონში საფეხბურთო ცენტრების აშენებით ბავშვები ადგილზე შევაჩერეთ. ეს ყველაზე დიდი მიღწევაა, რადგან ყველამ იცის, რომ ოჯახის გარეთ ბავშვი დისკომფორტს გრძნობს. ახლა კი მათ ადგილზე აქვთ საშუალება, საყვარელი საქმით დაკავდნენ და გაიზარდონ“.

სერგო კვარაცხელიამ მისი ერთ-ერთი მთავარი ჩანაფიქრი გაგვანდო.

„აკადემია რუხში აშენდა, რომელიც აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფელია. ჩვენ გვსურს, რომ აფხაზებს მივცეთ საშუალება, ნიჭიერი ბავშვები მოიყვანონ და დიდ ფეხბურთში გზა გაიკვალონ. ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ოცნება და ამოცანაა“.