კვარაცხელია „იუვენტუსთან“ კვლავ ძირითადში იქნება - სპალეტი „ნაპოლის“ პრინციპული მატჩისთვის ამზადებს #1TVSPORT
კვარაცხელია „იუვენტუსთან“ კვლავ ძირითადში იქნება - სპალეტი „ნაპოლის“ პრინციპული მატჩისთვის ამზადებს #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია „იუვენტუსის“ წინააღმდეგ ითამაშებს. „ნაპოლის“ მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი კი ცდილობს, რომ ქართველმა საუკეთესო ფიზიკური ფორმა აღიდგინოს. ამის შესახებ იტალური გამოცემები წერენ.

„ნაპოლი“-„იუვენტუსი“ სერია A-ს მე-18 ტურის ცენტრალური მატჩია, რომელიც „სტადიო დიეგო მარადონაზე“ 13 იანვარს გაიმართება. ლიდერი მეორეადგილოსანის წინააღმდეგ ითამაშებს. ეს იქნება სპალეტისა და ალეგრის დაპირისპირება. „იუვემ“ ჩემპიონობისთვის ბრძოლა რომ განაგრძოს, უნდა მოიგოს, ხოლო „ნაპოლის“ ფრეც აძლევს ხელს, რომ კონკურენტთან 7-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნოს.

„მთელი კვირა სპალეტი „ბიანკონერისთან“ მატჩისთვის ემზადება. ის მომავალი დაპირისპირებისთვის მოთამაშეთა ფიზიკურ კონდიციებსაც ითვალისწინებს. ასევე, მატჩამდე უნდა შეფასდეს კიმის მდგომარეობა – სამხრეთკორეელი მცველი „სამპდორიასთან“ პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც მატჩამდე სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს, ხვიჩა კვარაცხელიაა“, – წერს napolipiu.

გამოცემა Il Mattino ყურადღებას ამახვილებს ქართველი მოთამაშის მდგომარეობაზე, რომელიც 2023 წლის პირველ ორ მატჩში საუკეთესოდ ვერ გამოიყურებოდა.

„ქართველი შორს არის იმ ფორმისგან, რომელშიც ის ზამთრის პაუზამდე იყო, მაგრამ აშკარაა ის ფაქტი, რომ სპალეტი არ აპირებს თავის ჯოკერთან განშორებას. ის ამხნევებს მას თბილი სიტყვებით და სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად განიხილავს, სავარაუდოდ, ასე იქნება „იუვენტუსთანაც“. ეს შეიძლება იყოს იდეალური საღამო, რათა დაგვიბრუნდეს „ჯადოქარი“ კვარაცხელია, რომელმაც სერია A-ში ბრწყინვალე მატჩები ჩაატარა“, – წერს გამოცემა.