კვარაცხელია „იუვენტუსის“ ფორმით გამოჩნდა - ქართველი საახალწლო კლიპში გადაიღეს (ვიდეო)

ყაზანის „რუბინმა“, სადაც ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს, მშვენიერი საახალწლო ვიდეოკლიპი გამოაქვეყნა – გუნდის მილოცვა, რომელშიც საქართველოს ნაკრების 19 წლის ფეხბურთელიც მონაწილეობს, ორიგინალური, სახალისო და კარგი საყურებელი გამოდგა.

„თუ მსგავს კაშკაშა წარმოდგენებს ადრე კლუბები იშვიათად დგამდნენ, ახლა ეს ყველას შეუძლია. გასაკვირი არ არის, რომ ამჯერად მშვენიერი ვიდეო „რუბინმა“ გადაიღო – მერაია ქერის სიმღერით All I Want For Christmas Is You. კლიპზე დიდი გუნდი მუშაობდა და გამოვიდა მართლაც შესანიშნავი ნამუშევარი, ლამაზი კადრებითა და სადღესასწაულო ატმოსფეროთი“ – წერს გამოცემა „სპორტს.რუ“.

მთავარ როლში გუნდის მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკია, რომელიც ინგლისურად მღერის. ინგლისსა და ჰოლანდიაში ნამუშევარ სპეციალისტს, როგორც ჩანს, კარგად ეხერხება სიმღერა – ვიდეოკლიპი სლუცკის ყოფილი კლუბის, „ჰალის“ გულშემატკივრებმა უკვე დააკომენტარეს.

რაც მთავარია – საახალწლო ვიდეოკლიპში ხვიჩა კვარაცხელია ევროპული კლუბების მაისურებს ირგებს. „სპორტს.რუ“ ამის მიზეზეც წერს: „ხვიჩა იცვლის იმ ევროპული გუნდების მაისურებს, რომლებიც მისით დაინტერესდნენ – „გალათასარაის“ და „კრასნოდარის“ გარდა, „იუვენტუსის“ მაისურითაც ჩნდება. მიზანშეწონილია გავიხსენოთ კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის სიტყვები: „მე ვიცი, რომ ხვიჩა ასეთ კლუბებში ითამაშებს – „ბარსელონა“, „რეალი“, „ბაიერნი“, „იუვენტუსი“, „ინტერი“, „მილანი“.