კვარაცხელია იტალიის სერია A-ს ტურის სიმბოლურ ნაკრებშია #1TVSPORT
კვარაცხელია იტალიის სერია A-ს ტურის სიმბოლურ ნაკრებშია #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს 26-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – რჩეული თერთმეტეული Sofascore-მა დაასახელა.

ფეხბურთის სტატისტიკისა და ანალიტიკის საერთაშორისო პორტალმა „ატალანტასთან“ მოგებულ (2:0) შეხვედრაში ქართველის თამაში 8,0 ქულით შეაფასა და სიმბოლურ გუნდში მისთვის ჩვეული მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე დაასახელა.

ევროსაგზურისთვის მებრძოლი „ატალანტას“დამარცხება „ნაპოლიმ“ დიდწილად ქართველი თავდამსხმელის გადამწყვეტი გოლით მოახერხა. კვარაცხელიამ მე-60 წუთზე საჯარიმოში შვიდი მცველი და მეკარე დააწვინა და გოლი-შედევრით ანგარიში გახსნა.

საქართველოს ნაკრების ლიდერი ამ მატჩამდე სერია A-ს თებერვლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც EA Sports-ის თვის ფეხბურთელი წოდება ერთ სეზონში მეორედ (პირველად – აგვისტოში) მოიგო. ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე კი მიმდინარე სეზონში 11 გოლი და 9 საგოლე პასია.