კვარაცხელია ისევ მატჩის საუკეთესო მოთამაშეა (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერლიგის 29-ე ტურის მატჩი ისევ მაღალ დონეზე ჩაატარა – მისმა გუნდმა, ყაზანის „რუბინმა“ თავის მოედანზე „როსტოვი“ მიიღო და ქულა მოიპოვა – 0:0.

„რუბინის“ ძირითად შემადგენლობაში იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. ზუკა დავითაშვილი სათადარიგოებში იყო და მოედანზე 64-ე წუთზე გამოჩნდა.რუსული მედიის ცნობით, ყაზანელებმა შეტევები დავითაშვილის გამოჩენის შემდეგ გაამწვავეს.

42-ე წუთზე მისი გადაცემის შემდეგ, თავდამსხმელს გატანა შეეძლო და კარს ააცილა. მე-60 წუთზე მისი დარტყმის შემდეგ სტუმრები მეკარემ გადაარჩინა. 70-ე წუთზე თავდამსხმელი საჯარიმოში კარგ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ მან შანსით ვერ ისარგებლა.

89-ე წუთზე კვარაცხელიას შეეძლო გუნდისთვის გამარჯვება მოეტანა – ხვიჩამ ფენომენალური დრიბლინგი ჩაატარა, გზად ოთხი მეტოქე მოატყუა, მაგრამ მისი დარტყმა „როსტოვის“ მეკარემ მოიგერია და სტუმრები აშკარა გოლისგან იხსნა.

„რუბინი“ – „როსტოვის“ მატჩის შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია აღიარეს. „რუბინის“ ქართველ ლეგიონერზე არჩევანი ტელეკომპანია „მატჩ პრემიერის“ ექსპერტმა, წარსულში ცნობილმა მოთამაშემ, იგორ გამულამ შეაჩერა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 6 ტურში კვარაცხელია მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ( და არა მხოლდო გუნდის) მესამედ დაასახელეს.

„19 წლის ქართველი „რუბინის“ ყველაზე აქტიური მოთამაშე, რამდენიმეჯერ ინდივიდუალური ოსტატობა აჩვენა და „როსტოვის“ კართან მომენტები შექმნა“, – წერია „მატჩ პრემიერის“ ვებგვერდზე.

29 ტურის შემდეგ, „რუბინი“ 35 ქულით მე -10 ადგილი დაიკავა და პრემიერლიგაში ადგილი შეინარჩუნა. ბოლო ტურში ყაზანელები 22 ივლისს მოსკოვის „სპარტაკს“ უმასპინძლებენ.