კვარაცხელია ევროპის ტოპ-5 ლიგის კვირის ნაკრებშია - ხვიჩა იტალიის ჩემპიონატში ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს [ვიდეო] #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს მეათე ტურის საუკეთესო მოთამაშეა – ასეთია საფეხბურთო ანალიტიკისა და სტატისტიკის საერთაშორისო პორტალ „სოფა სქორის“ შეფასება.

სოფა სქორმა“ ხვიჩა კვარაცხელიას 8,3 ქულა დაუწერა – ზუსტად ამდენივე ქულა დაუწერა ვებგვერდმა „იუვენტუსისა“ და ბრაზილიის ნაკრების მცველს, დანილოს და ეს ორი ფეხბურთელი მეათე ტურის საუკეთესო მოთამაშეებად აღიარა.

მეორე ავტორიტეტულმა საერთაშორისო პორტალმა whoscored-მა კი კვარაცხელიას 8,9 ქულა დაუწერა, ასევე შეიყვანა სიმბოლურ ნაკრებში და საუეკთესო მოთამაშედ აღიარა. ამას გარდა, კვარაცხელია ვებგვერდმა ევროპის ტოპ-5 ლიგების კვირის ნაკრებში დაასახელა.

იტალიის ჩემპიონატის მეათე ტურში „ნაპოლიმ“ „სტადიო მარადონაზე“ „ბოლონიას“ უმასპინძლა და შესანიშნავი სერიის შემდეგ მეტოქის დამარცხება გაუჭირდა. ლუჩანო სპალეტის გუნდი თამაშს ვერ მოიგებდა, რომ არა ხვიჩა კვარაცხელია.

ქართველმა თავდამსხმელმა პირველ ტაიმში შედეგიანი მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა, რამდენიმე ეფექტური დრიბლინგისა და კარგი თამაშის მიუხედავად. თუმცა, კვარაცხელიამ მეორე ნახევარში გაიბრწყინა – მან იმ დროს მოახერხა გუნდის დაწინაურება, როდესაც „ნაპოლის“ ყველაზე მეტად სჭირდებოდა.

ხვიჩამ თავისი მოქმედებით ჯერ მეორე გოლი შექმნა, რომლითაც ირვინგ ლოსანომ გუნდი მეორედ დააწინაურა, მაგრამ „ბოლონიამ“ ანგარიში გაათანაბრა და ნეაპოლელებს ისევ ხვიჩამ უშველა, მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ვიკტორ ოსიმენი, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა.