კვარაცხელია დაბრუნდა - „ნაპოლიმ“ „ჯენოასთან“ მოიგო და პირველ ადგილზეა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის შემდეგ „ნაპოლის“ დაუბრუნდა, რომელიც იტალიის სერია A-ში „ჯენოას“ დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.
„ნაპოლიმ“ შესანიშნავი თამაში ჩაატარა და „ჯენოას“ პირველივე ტაიმში ორი გოლი გაუტანა. მე-15 წუთზე კვარაცხელიას კონკურენტის, დავიდ ნერეშის გადაცემით ანგარიში ზამბო ანგისამ გახსნა, ხოლო 23-ე წუთზე სტუმართა უპირატესობა ეფექტური თავური დარტყმით ამირ რაჰმანიმ გაზარდა.
51-ე წუთზე „ჯენოამ“ ანდრეა პინამონტის გოლით სხვაობა შეამცირა და თამაშს ინტრიგა დაუბრუნა. კვარაცხელია, რომელმაც „ლაციოსთან“ მიღებული მუხლის ტრავმის გამო „უდინეზესთან“ მატჩი გამოტოვა, მოედანზე 73-ე წუთზე გამოჩნდა. ხვიჩას გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ მცველმა ხელი შეუშალა და ქართველმა ახლო მანძილიდან კარს ააცილა.
„ნაპოლიმ“ ამ მოგებით 38 ქულა დააგროვა, „ატალანტას“ (რომელსაც ერთი თამაშით ნაკლები აქვს) გადაასწრო და პირველ ადგილზეა.