კვარაცხელია და ოსტიგარდი „ნაპოლის“ სუპერტრანსფერებია - შესაძლოა, ხვიჩას კლუბი გაიყიდოს #1TVSPORT
კვარაცხელია და ოსტიგარდი „ნაპოლის“ სუპერტრანსფერებია - შესაძლოა, ხვიჩას კლუბი გაიყიდოს #1TVSPORT

ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა კლაუდიო ონოფრიმ, რომელიც წარმატებულ სელექციაში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა, „ნაპოლის“ მიერ „ჯენოადან“ 22 წლის ნორვეგიელი მცველის, ლეო ოსტიგარდის დამატებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ კლუბმა გულშემატკვრები კიდევ ერთი ტალანტის დამატებით გააოცა.

„კვარაცხელიას შემდეგ „ნაპოლიმ“ იყიდა ჩრდილში მყოფი ის მცველი, რომელიც ჩემი აზრით, ძალიან პერსპექტიული ბიჭია. მან თავისი თვისებები „ჯენოაში“ აჩვენა. მეორე მხრივ, ის ძალიან ახალგაზრდაა და მომავალში შეიძლება გაიზარდოს. ის შეიძლება გახდეს ისეთივე ძლიერი, როგორც კალიდუ კულიბალი. ეს ტრანსფერი უნდა მივულოცო კრისტიანო ჯუნტოლის (სპორტული დირექტორი), მან კიდევ ერთი სუპერტრანსფერი განახორციელა და ქართველი კვარაცხელიას შემდეგ, ლუჩიანო სპალეტის კიდევ ერთი ტალანტი მიუყვანა“, – განაცხადა კლაუდიო ონოფრიმ რადიო Goal-თან.

ამასობაში, ტვიტერზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, „ნაპოლი“ არაბულმა საინვესტიციო ფონდმა იყიდოს. ჟურნალისტისა და რადიოწამყვანის, ლუკა სერციონეს ცნობით,  დაინტერესებული კომპანია მზადაა, რომ „ნაპოლი“ 650 მილიონ ევროდ იყიდოს.