კუტალიამ ისრაელში გაიტანა და მაისურაზე წარწერა გამოაჩინა - აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა #1TVSPORT
კუტალიამ ისრაელში გაიტანა და მაისურაზე წარწერა გამოაჩინა - აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა #1TVSPORT

ისრაელის ლიგატ ჰაალში ლევან კუტალიამ თავისი ყოფილი კლუბის, თელ-ავივის „ჰაპოელის“ კარი აიღო, „სექცია ნეს ციონას“ ქულა მოუტანა (1:1) და გოლი სამაგალითოდ აღნიშნა.

ქართველი ფორვარდი „სექცია ნეს ციონას“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მასპინძლები 48-ე წუთზე დაწინაურდნენ, ლევან კუტალიამ კი ანგარიში მე-60 წუთზე გაათანაბრა და „სექცია ნეს ციონა“ მარცხს გადაარჩინა.

რაც ამ შემთხვევაში მთავარია – გოლის შემდეგ კუტალიამ გამოაჩინა მაისური, რომელზეც იყო წარწერა: „აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა“. ასეთი შინაარსის ბანერებს ქართველი გულშემატკივრები სტადიონებზე ხშირად გამოფენენ ხოლმე.

ლევან კუტალიამ ისრაელის ჩემპიონატში 15 მატჩი ჩაატარა და მეხუთე გოლი გაიტანა (ერთი საგოლე გადაცემაც აქვს). 33 წლის ქართველი თადამსხმელი ამ მაჩვენებლით, ალმოგ ბუზალოსთან ერთად, გუნდის საუკეთესო ბომბარდირია – „სექცია ნეს ციონას“ გოლების 25 პროცენტი ლევანის ანგარიშზეა.

რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, ქართველის გუნდმა ისრაელის ლიგატ ჰაალში ჩატარებული 18 ტურის შემდეგ 16 ქულა დააგროვა და 14-გუნდიან ჩემპიონატში ბოლოსწინა, მე-13 ადგილზეა.