კუტალია ისრაელში ბომბარდირობას უმიზნებს - სხვა ქვეყნებშიც მიწვევდნენ, მაგრამ ისრაელს ისე შევეგუე, წასვლა არ მინდა #1TVSPORT
ლევან კუტალია უმ ალ-ფაჰმის „ჰაპოელდან“ წამოვიდა, მაგრამ ისრაელის სხვა კლუბში, „სეკტცია ნეს ციონაში“ გადავიდა და გუნდთან ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
31 წლის ფორვარდის ახალი გუნდი „სეკტცია“ დასრულებულ სეზონში ისრაელის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში (ლიგატ ჰალი) ასპარეზობდა, მაგრამ გავარდა და კუტალიას სურს, უძლიერესთა შორის დაბრუნდეს.
კუტალიამ გასულ სეზონში უმ ალ-ფაჰმის „ჰაპოელიდან“ ითამაშა და 19 მატჩში 8 გოლი გაიტანა. მანამდე კი, თელ-ავივის „ჰაპოელში“ თამაშობდა. 31 წლის თავდამსხმელი საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში ამბობს, რომ ახალ კლუბში გადასვლას დიდ იმედებს უკავშირებს:
„მიხარია, რომ „სეკტცია ნეს ციონას“ შევუერთდი. კარგი კლუბია, უმაღლესი ლიგიდან გამოვარდნენ, მაგრამ წელსვე უნდათ გადასვლა და კარგი გუნდი შეკრეს.
უმ ალ-ფაჰმის „ჰაპოელზე“ უკეთესი გუნდია?
დიახ, ბევრად უკეთესია. შემადგენლობა ისეთი ფეხბურთელებით შეკრეს, მჯერა, უმაღლეს ლიგაში დავბრუნდებით.
ისრაელს, ქვეყანას და მათ ფეხბურთსაც შეეწყვე?
დიახ, ასეა. ფეხბურთსა შევეწყვე, ქვეყანასაც და არსად წავალ. უცხოეთის ვარიანტები მქონდა, მაგრამ უარი ვთქვი.
რა ვარიანტი გქონდა და სად?
საბერძნეთში, უნგრეთში, აზერბაიჯანში, ჰონგ კონგშიც კი. გუნდებს ვერ დავაკონკრეტებ, მაგრამ უარი ვუთხარი. აქედან არსად გადასვლას არ ვაპირებ, ისრაელი ძალიან მომწონს და შევეჩვიე. კარგად მოვეწყვე, უკვე ყველა მიცნობს და ბევრი გულშემატკივარი მყავს.
ისრაელის გამოცემის ცნობით, დანიძლავდი, რომ სეზონში 20 გოლს გაიტანდი.
ეგეც დაწერეს?! აქ ყველაფერს აშუქებენ. კი, ნამდვილად ასეა. ვთქვი, რომ ჩემი მიზანი სეზონში 20 გოლის გაატანაა, რომ კლუბს გადასვლაში დავეხმარო. აქ ბომბარდირი უნდა გავხდე“.