კუნძულ კრეტაზე ტყის ხანძრების გამო, ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე ტყის ხანძრების გამო, ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
ღამის განმავლობაში საცხოვრებელი სახლებიდან დაახლოებით 8 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ევაკუირებული მოსახლეობის ნაწილი დროებით თავშესაფრებში გადაიყვანეს.
რეგიონში ასობით მეხანძრეა მობილიზებული. ცეცხლის ჩაქრობისას ორი მეხანძრე დაიღუპა.
კუნძულ კრეტაზე ხანძარი ოთხშაბათს გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლები და სასოფლო-სამეურნეო მიწები დაზიანდა. ამ დროისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოქმედი ხანძარია საბერძნეთში, რომლის კონტროლი ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
რეგიონის ვიცე-გუბერნატორმა, მარია ლიონიმ განაცხადა, რომ ზარალის სრული მასშტაბი ამ დროისთვის უცნობია და ამ ეტაპზე მთავარი პრიორიტეტი ცეცხლის შეკავებაა.
ამასთან, პორტუგალიის საზღვართან ახლოს ტყის ხანძრების გამო 1 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. პორტუგალიაში, ქალაქ ვალპასოშთან გაჩენილი ხანძრის შედეგად კი ხუთი ადამიანი დაშავდა.
ტყის ხანძარს ებრძვიან თურქეთშიც, სადაც ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.