კუმანი „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი არ გახდება
კუმანი „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი არ გახდება

ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა, ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ გასამართ ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის წინ, „ბარსელონაში“ გადასვლასთან დაკავშირებული ყველა ჭორი უარყო, – იტყობინება ბრიტანული გამოცემა „სანი“ (The Sun).

„შემიძლია თუ არა კატალონიური კლუბის მთავარი მწვრთნელობა? ეს შეიძლება ადვილად მომხდარიყო, მაგრამ მე არ გავხდები „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი“, – მოჰყავს ჰოლანდიელის სიტყვები „სანს“.

კუმანი ჰოლანდიის ნაკრებს 2018 წლის თებერვლიდან უდგას სათავეში, მოთამაშის ამპლუაში კი ეროვნულ გუნდში 1989-1995 წლებში ასპარეზობდა.

შეგახსენებთ ასევე, რომ კუმანი „ბარსელონას“ იმ თაობის წევრი იყო, რომელმაც კლუბის ისტორიაში პირველად მოიპოვა „უეფას“ ჩემპიონთა თასი. გამარჯვების ერთადერთი გოლი მაშინდელ ფინალურ მატჩში „სამპდორიას“ კარში სწორედ რონალდ კუმანმა გაიტანა.