კუხიანიძემ „ტორპედოს“ გულშემატკივრებს მოუბოდიშა
კუხიანიძემ „ტორპედოს“ გულშემატკივრებს მოუბოდიშა

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში საჩხერის „ჩიხურამ“ ქუთაისის „ტორპედო“ პენალტების სერიაში 4:3 დაამარცხა და ტიტულს პირველად დაეუფლა.

ეს მატჩი განსაკუთრებით უიღბლო გიორგი კუხიანიძისთვის იყო – ქუთაისის „ტორპედოს“ ნახევარმცველს აქამდე კარიერაში პენალტი არ ჰქონდა გაფუჭებული, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართულ ფინალურ შეხვედრაში კი თერთმეტმეტრიანი საჯარიმო ორჯერ ვერ გამოიყენა – მე-19 წუთზე ბურთი ძელს მოარტყა, პენალტების სერიაში კი დინო ჰამზიჩმა გადამწყვეტი დარტყმა აუღო და „ჩიხურამ“ თასი მოიპოვა.

გიორგი კუხიანიძემ ქუთაისელთა ოფიციალურ ვებგვერდზე გულშემატკივრებს მიმართა და მომხდარის გამო მოუბოდიშა.

„დიდ ბოდიშს გიხდით „ტორპედოს“ ყველა ფანს, ვისაც ჩვენზე და „ტორპედოზე“ გული შეგტკივათ. „ტორპედო“ ჩემი ოჯახია, ეს კი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი დღე იყო“, – წერს კუხიანიძე.