კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე 26 მაისის აქციის მონაწილე დაიკითხა
სასამართლოში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ჩინოსნების ბრალდების საქმეზე 2011 წლის 26 მაისის აქციის მონაწილე რობერტ ოდიშელიძე დაიკითხა.
როგორც მოწმემ განაცხადა, დარბევამდე ერთი საათით ადრე უკვე შეუძლებელი იყო მიტინგის დატოვება, ამიტომ თავი კინო „რუსთაველს“ შეაფარა.
„ხშირად ვესწრებოდი აქციებს, „შეფიცულებში“ რიგითი მონაწილე ვიყავი. ჩვენი ფუნქცია იყო, წესრიგი დაგვეცვა, რომ პროვოკაცია არ მომხდარიყო, ნასვამი არავინ შემოსულიყო. აქციის მონაწილეებს არანაირი იარაღი არ ჰქონიათ. კინო „რუსთაველში“ შევედით და შევაფარეთ თავი. შემოვიდნენ სამართალდამცველები, მოითხოვეს კინოს ბილეთები. ვისაც არ გვქონდა, დაგვტოვეს და ხელკეტებით დაგვიწყეს ცემა. მე ასეთი გაბრაზებული ადამიანები არ მინახავს. დაიწყეს პირველი რიგიდან. ჩემი დრო რომ მოვიდა, სკამზე გადმომათრიეს, ჯერ დაბლა დამაგდეს, მერე სცენაზე. მზის სათვალე გამიკეთეს, დამცინოდნენ და მაფურთხებდნენ. შემდეგ გარეთ გამოგვიყვანეს”, – განაცხადა რობერტ ოდიშელიძემ.
ადვოკატების განცხადებით, მოწმეს არ დაუსახელებია არც ერთი პირი, ვისაც ბრალი აქვს წარდგენილი და ვერ ამყარებს ბრალდების მხარის პოზიციას. საქმის პროკურორების განცხადებით კი, მოწმემ დაადასტურა, რომ რუსთაველის გამზირიდან ყველა გასასვლელი ჩაკეტილი იყო და მომიტინგეები სასტიკად დაარბიეს.
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხუთ ყოფილ ჩინოსანს, დათა ახალაიას, ვასილ ლელუაშვილს, გიორგი ლორთქიფანიძეს, რევაზ შიუკაშვილსა და ლევან ქარდავას ძალის გამოყენებით სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება აქვთ წარდგენილი ბრალად.
სასამართლოს დღევანდელ სხდომას არც ერთი ბრალდებული არ ესწრება. მათგან ორი, დათა ახალაია და გია ლორთქიფანიძე ძებნილია.
საქმის განხილვა 21 მარტს გაგრძელდება.