კრივი | ტაისონ ფიურიმ და ენტონი ჯოშუამ ბრძოლის გამართვაზე ოფიციალურ შეთანხმებას მიაღწიეს #1TVSPORT
რამდენიმეთვიანი, რთული და არაერთხელ შეფერხებული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, მძიმე წონით კატეგორიაში ყოფილმა მსოფლიო ჩემპიონებმა, ტაისონ ფიურიმ და ენტონი ჯოშუამ ბრძოლის გამართვაზე ოფიციალურ შეთანხმებას მიაღწიეს. მათი შეხვედრა 11 დეკემბერს, კარდიფში, „პრინსიპალიტის“ სტადიონზე ჩატარდება.
აღნიშნული მოვლენა ორთაბრძოლის ორგანიზატორებმა – დანა უაითმა და თურქი ალ აშ-შეიხმა ოფიციალურად დაადასტურეს. ალ აშ-შეიხმა განაცხადა, რომ რინგზე თანამედროვეობის ორი საუკეთესო მძიმეწონოსანი წარდგება, რაც კრივის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბრძოლა იქნება და იგი ბედნიერია, რომ ფანებს ამ სანახაობის ხილვის შესაძლებლობა მიეცემათ.
ტაისონ ფიური მიმდინარე წლის აპრილში დაბრუნდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით რუსი არსლანბეკ მახმუდოვი დაამარცხა. ივლისში კი „ბოშათა მეფემ“ მეორე მოსამზადებელი შეხვედრაც მოიგო და პოლონელ მარიუშ ვახს მეშვიდე რაუნდის დასრულების შემდეგ აჯობა.
ორი გასახურებელი შეხვედრა ჰქონდა ენტონი ჯოშუასაც. გასული წლის დეკემბერში მან ამერიკელი ჯეიკ პოლი დაანოკაუტა, ხოლო ივლისში – ალბანელი კრისტიან პრენგუ.