1 და 2 ივნისს „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მე- 17 ტურის მატჩები გაიმართება. ახლა ყველა შეხვედრა და ქულა მნიშვნელობას იძენს, რადგან საჩემპიონო ბრძოლა მთელი ძალით გახურდა.
გორში „დილა“ თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდება. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გასამართ შეხვედრაში გაირკვევა, მოახერხებს თუ არა „დინამო“ სამეულში დაბრუნებას, „დილას“ კი სამადგილიანი ნახტომის გაკეთების და ხუთეულში შესვლის შანსი გააჩნია. ეროვნულ ასპარეზზე ეს გუნდები ერთმანეთს 64- ჯერ შეხვედრიან და „დინამოს“ დიდი უპირატესობა აქვს: 45 მოგება, 13 ფრე და 6 წაგება.
მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება „მიხეილ მესხი 2“-ზე, სადაც „ვიტ ჯორჯია“ ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდება. ქუთაისურ კლუბში დავალიანება 29 მაისს უნდა გაესტუმრებინათ, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. შეძლებს თუ არა „ტორპედოს“ ხელძღვანელობა გუნდის ბირთვის შენარჩუნებას და მოთამაშეთა შეკავებას, ამის კატალიზატორად ეს მატჩი გამოდგება.
2 ივნისს, ბოლნისში „სიონი“ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს, რომელმაც ბოლო ოთხი შეხვედრა მოიგო და მადა აღეძრა. ბოლო ტურებში ასევე წარმატებით თამაშობს „რუსთავი“, რომელიც ანგისას ბაზაზე გათამაშების ლიდერ ბათუმის „დინამოს“ ესტუმრება. ორივე გუნდის სათამაშო ტონუსი იმაზე მეტყველებს, რომ საინტერესო შეხვედრა გველის.
მოქმედი ჩემპიონი „საბურთალო” საჩხერის „ჩიხურას” შეხვდება. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაგეგმილ მატჩში მასპინძლები საჩხერელები იქნებიან. ჩემპიონებს „ჩიხურასთან” ზედმეტი ყვითელი ბარათების გამო ვერ დაეხმარება სანდრო ალთუნაშვილი, სამაგიეროდ დისკვალიფიცირებული ლევან კაკუბავა და ელვინ ტერა უბრუნდებიან, რომლებმაც წინა შეხვედრა ყვითელი ბარათების გამო გამოტოვეს. გუნდებს შორის პირველ წრეში დაპირისპირება საჩხერელთა გამარჯვებით, 3:2 დასრულდა და „საბურთალოს“ რევანში და პირველი ადგილის დაბრუნება სურს. გუნდები ერთმანეთს მეთორმეტედ ხვდებიან: 6 საჩხერელებმა მოიგეს, 3 – თბილისელებმა, 2-იც ფრედ დასრულდა. „ჩიხურა“-„საბურთალოს“ შეხვედრის პირდაპირ ტელეტრანსლაციას საქართველოს მეორე არხი შემოგთავზებთ. მატჩი „მიხეილ მესხზე“ 21:00 საატზე დაიწყება.
შაბათი, 1 ივნისი, 2019
დილა – დინამო თბ
18:30. თენგიზ ბურჯანაძე – გორი
ვიტ ჯორჯია – ტორპედო
20:30. მიხეილ მესხი 2 – თბილისი
კვირა, 2 ივნისი, 2019
სიონი – ლოკომოტივი
17:00. თამაზ სტეფანია – ბოლნისი
დინამო ბთ – რუსთავი
19:00. ანგისა – ბათუმი
ჩიხურა – საბურთალო
21:00. მიხეილ მესხი – თბილისი მეორე არხი