კრისტიან კოულმენმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 100 მეტრი 9.76 წამში გაირბინა [ვიდეო]
ყატარის დედაქალაქ დოჰაში ორი დღეა, რაც დაიწყო მძლეოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატი. ტურნირის მეორე დღეს ჩემპიონი გამოვლინდა ყველაზე პრესტიჟულ დისციპლინაში – კაცებში 100 მეტრზე რბენაში.
ოქროსთვის ბრძოლა ორ ამერიკელს შორის გაიმართა – კრისტიან კოულმენი ჯასტინ გეტლინის წინააღმდეგ. 2017 წელს, ლონდონში თავის პირველ მსოფლიოს ჩემპიონატზე კოულმენმა წააგო გეტლინთან და ვერცხლის მედალი მოიპოვა. მაგრამ, ამჯერად, კრისტიანმა რევანში აიღო, თან ფენომენალური დრო აჩვენა – 9.76 წამი. მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში უფრო სწრაფად მხოლოდ ლეგენდარულ იამაიკელს უსაინ ბოლტს ურბენია – 9.58 წამი 2009 წელს, ბერლინში. ეს შედეგი დღემდე მსოფლიოს რეკორდია.
CHRISTIAN COLEMAN WORLD CHAMPION🥇
— FloTrack (@FloTrack) September 28, 2019
საერთოდ ჯამში, 9.76 წამი ისტორიაში მეექვსე დროა.
კოულმენმა 0.13 წამით აჯობა გეტლინს, რომელსაც ფინიშზე თითქმის დაეწია კანადელი ანდრე დე გრასი, თუმცა, ეს უკანასკნელი მაინც მესამეზე გავიდა – გეტლინთან მხოლოდ 0.01 წამი წააგო.
აღსანიშნავია, რომ კოულმენმა თავიდან აიცილა დისკვალიფიკაცია სამი გამოტოვებული დოპინგ-ტესტის გამო.