კრისტიან დანიელსონი - უახლოეს მომავალში უნდა შეთანხმდეს ამნისტიის შესახებ კანონი, გაგრძელდეს მუშაობა საარჩევნო რეფორმაზე
კრისტიან დანიელსონი - უახლოეს მომავალში უნდა შეთანხმდეს ამნისტიის შესახებ კანონი, გაგრძელდეს მუშაობა საარჩევნო რეფორმაზე

იმისათვის, რომ ევროკავშირმა საქართველოს ნამდვილი მეგობრობა გაუწიოს, საქართველოს მხრიდან შეთანხმების შესასრულებლად გადადგმული ნაბიჯები გადამწყვეტი იქნება, – ამის შესახებ განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა.

დანიელსონი სიტყვით გამოვიდა ღია საზოგადოების ფონდების ბრიუსელის და საქართველოს ოფისების ინიციატივით გამართულ ონლაინდისკუსიაზე, რომელიც ეხებოდა შარლ მიშელის დოკუმენტსა და მის შემდგომ აღსრულებას.

დანიელსონის თქმით, უახლოეს მომავალში უნდა შეთანხმდეს ამნისტიის შესახებ კანონი, გაგრძელდეს მუშაობა საარჩევნო რეფორმაზე.

„19 აპრილის შეთანხმებით დასრულდა ექვსთვიანი პროცესი და გაჩნდა პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის რეალური შესაძლებლობა. დოკუმენტი მოიცავს არაერთ მნიშვნელოვან წინადადებას, რამაც გრძელვადიანი გავლენა შესაძლოა, იქონიოს ქართული დემოკრატიის ჩამოყალიბებაზე. დიდი დრო დაეთმო საარჩევნო რეფორმის საკითხებს, რაც როგორც წარსულში, ისე აწმყოში ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხად იკვეთება ქართულ პოლიტიკაში.

არანაკლებ მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების მიმართულებით შემოთავაზებული ნაბიჯები. დემოკრატია არ არსებობს კანონის უზენაესობის მყარი საფუძვლის გარეშე. შეთანხმება კარგი დასაწყისია მართლმსაჯულების რეფორმის პროცესში კიდევ ერთი ნაბიჯის გადასადგმელად. ძალაუფლების დანაწილების მექანიზმების გათვალისწინებით, საქართველოს აქვს შანსი, პროგრესული საპარლამენტო მოდელი შექმნას. მნიშვნელოვანი იყო პოლიტიკური აქტორებისთვის იმის ახსნა, თუ რა იდგა საფრთხის ქვეშ და რატომ უნდა მომხდარიყო შეთანხმება ახალ დოკუმენტზე.

იმისათვის, რომ ევროკავშირმა საქართველოს ნამდვილი მეგობრობა გაუწიოს, საქართველოს მხრიდან შეთანხმების შესასრულებლად გადადგმული ნაბიჯები გადამწყვეტი იქნება. უახლოეს მომავალში უნდა შეთანხმდეს ამნისტიის შესახებ კანონი. ამასთანავე, მუშაობა უნდა გაგრძელდეს საარჩევნო რეფორმაზე. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს კოვიდპანდემიის მართვას, ეკონომიკის გაძლიერებას, გარემოსა და კლიმატის ცვლილებისა და ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებს“, – განაცხადა დანიელსონმა, რომლის გამოსვლის თარგმანსაც ღია საზოგადოების ფონდი ავრცელებს.

ღია საზოგადოების ფონდების ბრიუსელის და საქართველოს ოფისების ინიციატივით ევროპარლამენტარ პეტრას ოსტრიავიჩუსის პატრონაჟით (ALDE/ლიეტვუა) ჩატარდა ონლაინ დისკუსია „როგორ შეიძლება საქართველომ აღადგინოს პოლიტიკური სტაბილურობა და შეუდგეს რეფორმებს“. მთავარი მომხსენებლები იყვნენ ევროკავშირის მედიატორი კრისტიან დანიელსონი, ევროპარლამენტარები პეტრას აუსტრევიჩიუსი, ანდრიუს კუბილიუსი, ანა ფოტიგა, ღია საზოგადოების ფონდების წარმომადგენლები ქეთი ხუციშვილი საქართველოდან და ისკრა კიროვა ბრიუსელის ოფისიდან.